„ახალგაზრდა ადვოკატების” საჩივარს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისია განიხილავს. როგორც ორგანიზაციის მიმართ ცსკო-ს 2015 წლის 16 ივლისის წერილშია აღნიშნული, საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაცული წარმოება დაიწყო. ორგანიზაციის ხელმზღვანელის მიმართ გაგზავნილ წერილს, ხელს ცსკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე აწერს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საჩივარი 2015 წლის 8 ივლისს მოამზადა, რითაც ორგანიზაციის საგრანტო წინადადების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გაპროტესტდა. ორგანიზაციის პოზიციით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგრანტო პროექტის დაფინანსების უართან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ ტოვებს საგრანტო წინადადების ობიექტურად განხილვის ვარაუდს. გაუგებარია სწავლების ცენტრის მხრიდან გრანტის გაცემის პრინციპები, მიდგომები და გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩო, რომელიც არ ტოვებს გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასების ვარაუდს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხრიდან საგრანტო კონკურსი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს და კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები. რომლთა დამფუძნებლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერები და წევრები არიან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საჩივარი მიზანმიმართული ქმედება არ არის და ემსახურება იმ სტანდარტების დამკვიდრებას, როდესაც გრანტის გამცემი თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ვალდებულებებისაგან და დაამკვიდრებს რეალურ კონკურენტულ, მიუკერძოებელ და სამართლიან საკონკურსო მიდგომებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში საგრანტო პოლიტიკა შესაცვლელია და ის დისკრიმინაციული არ უნდა იყოს.
ცნობისთვის: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2015 წლის 16 ივნისს მიღებული ბრძანებით „ახალგაზრდა ადვოკატებს“ უარი უთხრა საგრანტო პროექტის დაფინანსებაზე. ორგანიზაციამ სწავლების ცენტრს წარუდგინა საგრანტო წინადადება საარჩევნო თემაზე: „ჩემი პირველი ხმა“, რომელიც ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების და საარჩევნო თემაზე ინფორმირების გაზრდას ქვეყნის 6 საარჩევნო ოლქში. ორგანიზაციის საგრანტო განაცხადმა, გამსვლელი 70 ქულიდან, 61.25 მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან, უკვე მესამე საგრანტო განაცხადზე მიიღო უარი. შესაბამისად, ორგანიზაცია მზად არის საჯარო გახადოს წარდგენილი განაცხადები, რათა საზოგადოებამ შეაფასოს პროექტების კომპეტენტურობა.