ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრიორიტეტულობაზე საუბრობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოცემულ ეტაპზე, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, ძალიან მცირე დროში, სახელმწიფო ნების და სწორი პოლიტიკის შედეგად, შეუდარებელ განვითარებას მიაღწია. საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები, რომლებიც დღეს საქართველოში ხორციელდება, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ორ პროგრამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ჩვენ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას მივესალმებით და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჯანდაცვის სისტემის გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის. ქვეყანაში, სადაც ორგანიზებულია პირველადი ჯანდაცვა, თვალშისაცემად ხდება სიკვდილიანობის შემცირება, იზრდება სხვადასხვა მწვავე დაავადებების პრევენციის დონე, იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლს ყურადღება არ ექცეოდა. მთავარი აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისას, ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ ქირურგიულ და სხვა სახის მაღალტექნოლოგიურ ჩარევებზე დაიხარჯა. ბუნებრივია, ასეთი ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. სწორედ ამ კონტეექსტშია აღსანიშნი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანი მუშაობის აუცილებლობა, რამაც დინამიკაში უნდა გამოწვიოს სისტემაში ხარჯთეფექტურობის მიღწევა.
პირველადი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში ასრულებს მეკარიბჭისა და მეთვალყურის როლს ერთდროულად. სწორედ ამ რგოლში ხდება დაავადების პრევენცია, მისი საწყის ეტაპზევე აღმოჩენა, რაც, შემდგომში, მის მკურნალობას, ან დაავადების სრულიად თავიდან აცილებას ნიშნავს. ეს არის კარგი პაციენტისთვის, რომელიც არის ჯანმრთელი და სტაციონარი ნაკლებად სჭირდება და ეს არის კარგი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც პაციენტის ჯანმრთელობა ნაკლები ხარჯია, თუმცა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ვერ იმოქმედებს წარმატებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეშე. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს სისტემურად, ჯაჭვურად, რათა შედეგი, როგორც მოქალაქისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, იყოს უკეთესი. სწორედ სახელმწიფოს ინტერესებშია, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს ჰოსპიტალური ჩარევა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ასევე აღვნიშნავთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი ამ ინფექციით დაავადებული ადამიანებისათვის, რომელთაც, პრაქტიკულად, უფასოდ უტარდებათ მკურნალობა, რომელიც სხვა შემთხვევაში, კოლოსარული თანხები ჯდებოდა. ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, მისი ეს უფლება დაიცვას, სხვა დანარჩენ უფლებებთან ერთად. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები, როგორც სისტემური მოვლენა, მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.