სახელმწიფოს რეგულაციები კომპენსაციების მიმღებთა ახალი წრისთვის სამართლიანი ნაბიჯია

31 ივლისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული ნამსახურეობის გამო, სოციალური დაცვის გარანტიების გაძლირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, სამართლიანს უწოდებს და საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, ამ მიმართულებით არსებული სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც, მთავრობასთან შეთანხმებით, დაჩქარებული წესით მიიღოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიმღებთა წრე ფართოვდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ექნებათ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. ამასთან, კომპენსაციას/აკადემიურ სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებული პირებიც. ამასთან, ახალი რეგულაციები შეეხებათ  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9

აპრილი) შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს მიმართ ევროკავშირის დირექტივებს პასუხობს და მნიშვნელოვნად ზრდის მთავრობის პასუხისმგებლობას სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის მქონე პირთა წრის სოციალური დაცვის გარანტიებს ეხება. საქართველოშო სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა კონსტიტუციური დებულებებიდანაა გამომდინარე და ემყარება სამართლიანობის, კანონის წინაშე თანასწორობის, მუდმივობისა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპებს. როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობით, სტიპენდიის მიღების უფლებით სარგებლობს საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეები და სხვა. კანონის შესაბამისად, მათთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია: კანონით დადგენილი ნამსახურეობის ვადის ამოწურვა, 65 წლის ასაკის მიღწევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, მარჩენალის და ოჯახის წევრის გარდაცვალება.

ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ნამსახურეობის მქონე პირთა მიმართ სოციალური დაცვის გარანტიების შექმნისკენ მიმართულ დამოკიდებულებად აფასებს კიდევ ერთ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები, შესაძლებელია, სტატუსით, პარლამენტის წევრებს გაუთანაბრდნენ. უზენაესი საბჭოს მე-12 მოწვევის დეპუტატები, დღეს იღებენ ამგვარ კომპენსაციას, ხოლო მე-11 და წინა მოწვევის დეპუტატები - არა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება 2015 წლის ივლისში უკვე განიხილა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და აღინიშნა, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად იქნება მიღებული. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიმღებთა ერთი წრის - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრების სოციალური დაცვის გარანტიები შეისწავლა. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2015 წლის 3 ივლისის წერილით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან 2015 წლის 21 მაისის მდგომარეობით, არც ერთ პარლამენტის ყოფილ წევრს უარი არ განუცხადებია სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 17 ივნისის წერილის მიხედვით კი, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობა მოქმედი პარლამენტის წებრის ხელფასის მესამედი, მაგრამ არაუმეტეს 560 ლარია. ორგანიზაციამ ანალიზი გაუკეთა 2010 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის მდგომარეობით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) ყოფილი წევრების მიმართ სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების ხარჯვით ნაწილს. ორგანიზაციის მონიტორინგმა ცხადყო, რომ 2010-2015 წლებში, პარლამენტის ყოფილ წევრებზე გაცემული კომპენსაციების რაოდენობამ ყოველთვიურად შეადგინა არანაკლებ 350,000 ლარი. 2010 წელს პარლამენტის 6299-მა ყოფილმა წევრმა ჯამში მიიღო 3 565 543,07 ლარი, 2011 წელს პარლამენტის 7639-მა ყოფილმა წევრმა მიიღო 4 314 520,92 ლარი, 2012 წელს პარლამენტის 7622-მა ყოფილმა წევრმა მიიღო 4 316 436,37 ლარი, 2013 წელს პარლამენტის 8028-მა ყოფილმა წევრმა მიიღო 4 522 409,07 ლარი, 2014 წელს პარლამენტის 8070-მა ყოფილმა წევრმა მიიღო  4 548 110,13 ლარი, ხოლო 2015 წლის ივნისის თვის მდგომარეობით, პარლამენტის 4011-მა ყოფილმა წევრმა მიიღო 2 254 042,24 ლარი. 



კომენტარები