რამაზ ახლედიანისთვის ლისის ტბის წართმევის საქმე წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მკაფიო მაგალითია

2 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ქონებაჩამორთმეულ რამაზ ახლედიანის საქმესთან დაკავშირებით, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფას მოითხოვს და საქმეში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის დავით კეზერაშვილის უწყების და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ინტერესებზე საუბრობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია საზოგადოებას კიდევ ერთ ქონებაჩამორთმეულის საქმეზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს, რომლის მიმართაც ქონების დათმობისა და ჩამორთმევის ფაქტი, სისტემური დანაშაულებების ნიშნებს ატარებს. საქმე ეხება ლისის ტბის მფლობელ რამაზ ახლედიანის ბიზნეს-საქმიანობას, რომელსაც ბიზნესი და საკუთრება, მაშინდელი ფინანსური პოლიციის უშუალო ზემოქმედების შედეგად დაათმობინეს. საქმის მასალების მიხედვით, 1998 წელს, რამაზ ახლედიანმა გაიმარჯვა გამოცხადებულ კონკურსში და იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. კონკურსის პირობების მიხედვით, ბიზნესმენმა სახელმწიფოს წინაშე სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, 2004 წელს სრულად გადაიხადა გამოსასყიდი თანხა, რის შედეგადაც, მას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა აღნიშნული ქონება.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ,  უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით, არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო. შესაბამისად, როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას.

როგორც გამართულ ბრიფინგზე, ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, სახელმწიფომ მაშინდელი ფინანსური პოლიციის მეშვეობით პირდაპირი ზეწოლა განახორციელა და წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის ჩამორთმევა დაისახა მიზნად. 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახლედიანი დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

ორგანიზაციის შეფასებით, რამაზ ახვლედიანის საქმეში ღია და აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. რამაზ ახლედიანმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ლისის ტბის განვითარებისთვის, ფლობდა და უძღვებოდა ბიზნესს, შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ყველა ნაკისი ვალდებულება, სახელმწიფო ზეწოლის შედეგად, პირადი და ახლობლების თავისუფლების შენარჩუნების ხარჯზე, უარი თქვა საკუთრებაზეც და ბიზნესზეც.

როგორც პრესკონფერენციაზე რამაზ ახლედიანის ადვოკატმა, გიორგი ნასყიდაშვილმა განაცხადა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საკუთრების დათმობას ხელი შეუწყეს იმ ბიზნეს-პარტნიორებმაც, რომლთა მოქმედებებშიც სახელმწიფოსთან ფარული გარიგებები იკვეთება. შესაბამისად, ორგანიზაციის იურისტები და რამაზ ახლედიანი, საქმის შემდგომ სამართლებრივ ქრონოლოგიაში, სწორედ მამუკა ხაზარაძის და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებების ურთიერთშემხებლობაზე აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან ლისის ტბის ამჟამინდელი მფლობელი „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“, რომლის მფლობელიც წარსულში რამაზ ახლედიანის ბიზნეს-პარტნიორი მამუკა ხაზარაძეა, ხოლო აღნიშნულ კომპანიას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქონება პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ რამაზ ახლედიანის საქმეზე მონიტორინგის შედეგებს 2015 წლის სექტემბერში გამოაქვეყნებს. ამჯამად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. 



კომენტარები