უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი მოხელეების დაბალი ხელფასები კორუფციულ გარიგებების რისკებს ქმნის

3 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკრაინის მთავრობაში დასაქმებული, საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა სახელფასო ფონდის, პრემიებისა და დანამატების, სამივლინებო და ცხოვრების ხარჯების შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლა დაასრულეს.  

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო უწყებების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს, შრომითი ანაზღაურების გარდა, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის ხელისუფლებაში დანიშნული ქართველი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა ცხოვრების ხარჯებს. მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საცხოვრებელი მოთხოვნილებების უზრუნველყოფის შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა შტატგარეშედ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანებულებით, დაინიშნა უკრაინის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. როგორც ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წერილშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ უფლებამოსილებას 2015 წლის 30 მაისიდან ასრულებს. მიღებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის შრომით ანაზღაურება წარმოადგენს 5644 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 578 ლარს. ამასთან, მას სამუშაოს დაწყებიდან 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დარიცხული აქვს 5644 გრივნა, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 578 ლარს. წერილში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მოხელის რანგი და დანამატები არ დადგენილა, პრემია არ გაცემულა. ამასთან, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წერილში ყურადღებას იპყრობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინაში საქმიანობის პერიოდში, გახსნილი არ აქვს შრომითი წიგნაკი. შესაბამისად, ინფორმაციის გამცემი ორგანო, არ ფლობს ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის წინა სამუშაო ადგილებზე შრომითი ანაზღაურების შესახებ, თუმცა როგორც პრეზიდნეტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქმიანობის დროს, შრომითი ანაზღაურება არ მიუღია.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს, უფლებამოსილების განხორციელების დღიდან, 2014 წლის 2 დეკემბრიდან მოცემულ პერიოდამდე, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება ერიცხება 6109,00 უკრაინული გრივნა, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 626 ლარს. წერილის თანახმად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო არ უზრუნველყოფს მინისტრის ადგილზე საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას. ამასთან, აღნიშნულია, რომ მინისტრის შრომითი ანაზღაურება ხდება სამინისტროს შრომითი ანაზღაურების ფონდიდან.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანის მიერ 2004 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მაისის მდგომარეობით მიღებული შრომითი ანაზღაურება, საერთო ჯამში შეადგენს 113.974 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 11.684 ლარს. წერილში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანის საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება არ უზრუნველყოფს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი. ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანი უკრაინის შსს მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 17 დეკემბრიდან საქმიანობს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის, გია გეწაძის მიმართ 2015 წლის თებერვალში გაიცა 4268,00, ხოლო მარტში, აპრილსა და მაისში, ცალკ-ცალკე, 9462,00 უკრაინული გრინვა, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, მთლიანობაში შეადგენს, დაახლოებით 3347 ლარს. სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ხატია შელიას და ჯაბა ებანოიძის საქმიანობასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც, ორივე მათგანი მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მრჩევლად. წერილის თანახმად, არც ხატია შელიას და არც ჯაბა ებანოიძის საქმიანობა არ იყო ანაზღაურებადი. უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ნაზღაურდებოდა არც მათი ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც. სამინისტროს ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში არ მუშაობს გიორგი წიკლაური. ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის აპარატის წერილში საუბარია კიდევ ერთ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანზე, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძეზე. მინისტრთა კაბინეტის სამდივნო აღნიშნავს, რომ ლევან ვარშალომიძე 2014 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, მაგრამ 2015 წლის 1 ივნისიდან, ის აღარ იკავებს ამ თანამდებობას. სამდივნოს ცნობით, ლევან ვარშალომიძის პრემიერის მრჩევლად საქმიანობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ყოფილა ანაზღაურებული. ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ მრჩევლები, რომლთა საქმიანობაც არ არის ანაზღაურებული, მათ მიმართ არ გაიცემა არც პრემიები და არ იფარება ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი, გენერალური პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის თანამდებობრივი სარგო შეადგენს, 4914,00 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით 503 ლარია. დავით საყვარელიძე ასევე ღებულობს დანამატს ხელფასზე სტაჟის გამო, რომელიც წარმოადგენს თანამდებობრივი სარგოს 15%-ს. ასევე დანამატს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მაღალი მიღწევებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უფლებამოსილების შესრულების გამო. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის გენერალური პორკურორის მოადგილე იღებს პრემიასაც, რაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2012 წლის 31 მაისის დადგენილებით, უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, თანამდებობრივი სარგოს 10%-ს. როგორც წერილშია აღნიშნული, უკრაინის გენერალური პროკურატურა არ ფლობს ინფორმაციას დავით საყვარელიძის საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამასთან, პროკურატუა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კიდევ ერთი ქართველი ყოფილი საჯარო მოხელე, გიზო უგულავა მუშაობს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა სახელფასო ფონდის, პრემიებისა და დანამატების, სამივლინებო და ცხოვრების ხარჯების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი, მათი მეზობელ ქვეყანაში საქმიანობის მიზნებსა და რეალურ საფუძვლებს საუკეთესოდ წარმოაჩენს.  ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოში საჯარო მმართველობის განხორციელების პერიოდში, გაცილებით მაღალ შრომით ანაზღაურებას, პრემიებსა და დანამატებს იღებდნენ. ამიტომაც საჭიროა საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების უკრაინაში ყოფნა, რეალურად ემსახურება პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს, უკრაინაში რეფორმების გატარების ობიექტურ სურვილს თუ არაღიარებულ პოლიტიკურ თავშესაფარს. ფაქტი ერთია, უკრაინის ხელისუფლებაში საჯარო მოხელისთვის განკუთვნილი ანაზღაურება საარსებო შესაძლებლობებისთვის, ძალიან დაბალია. ბევრი ქართველი ყოფილი თანამდებობის პირი, მთელი საქმიანობის მანძილზე, შრომით ანაზღაურებასაც არ იღებდა. უკრაინის სახელმწიფოს ბიუჯეტი არ უზრუნველყოფს არც ერთი მოქმედი თუ ყოფილი ქართველი თანამდებობის პირის უკრაინაში ცხოვრების ხარჯებს. შესაბამისად, თუ როგორ ცხოვრობს და რა ფინანსური რესურსი გააჩნიათ უკრაინაში ქართველ ყოფილ თანამდებობის პირებს, კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება. ბუნებრივია, ერთი მხრივ ეს ზრდის მაღალი კორუფციის საფრთხეს, მეორე მხრივ კი - ფინანსური მოტივაციის გარეშე, საჯარო უწყებების მიმართ ნაკლებ ნდობას. 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 9 ივნისს, საკითხზე ოფიციალური წერილით მიმართეს უკრაინის შემდეგ სამთავრობო უწყებებს: უკრაინის იუსტიციის სამინისტროს (მინისტრს), უკრაინის გენერალურ პროკურატურას (გენერალურ პროკურორს), უკრაინის პრემიერის აპარატს (აპარატის საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს), უკრაინის პრეზიდნეტის ადმინისტრაციას (ადმინისტრაციის უფროსს) და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრს). ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული უწყებებიდან შემდეგ ქართველ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირების შესახებ - მიხეილ სააკაშვილის, ალექსანდრე კვიტაშვილის, ლევან ვარშალომიძის, ეკატერინე ზღულაძის, ჯაბა ებანოიძის, გიორგი წიკლაურის, გია გეწაძის, დავით საყვარელიძის, გიზო უგულავას და ხატია შელიას, შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის მოწოდება: დასახელებულ უწყებებში, აღნიშნულ პირთა თანამდებობრივი სტატუსი და საქმიანობის დაწყების პერიოდი, მათი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, მიღებული პრემიები და დანამატები უკრაინის ეროვნულ ვალუტაში 2015 წლის 10 ივნისის მდგომარეობით და ინფორმაცია, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა ოდენობით თანხა მიემართება ყოველთვიურად მათი ცხოვრების ხარჯების დასაფარად. აღვნიშნავთ, რომ უკრაინის სამთავრობო უწყებებმა ოპერატიულად ითანამშრომლეს ორგანიზაციასთან. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების მხრიდან საჯარო ინტერესი მიმართულია უკრაინაში დასაქმებული ქართველი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და საჯარო სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ, ჩვენი მიზანი იყო, უკრაინის სამთავრობო უწყებებიდან მიგვეღო საჯარო ინფორმაცია და გაგვეცნო ქართული საზოგადოებისთვის.



კომენტარები