საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელფასო პოლიტიკა უთანასწორო, სამივლინებო ხარჯები კი - კოლოსარულია

6 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მოადგილეების, სამეურვეო საბჭოს თავჯდომარისა და მისი წევრების, მონიტორინგის საბჭოსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრების შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ მონიტორინგი მოამზადა. ორგანიზაცია შესწავლილი მასალის მიხედვით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გათვალისწინებით, სახელფასო პოლიტიკა მკვეთრად დისკრიმინაციულია, ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანთა შრომითი ანაზღაურება - უცნობი და ცალკეულ პროგრამათა დაფინანსება, საჭიროებების მიუხედავად, განსაკუთრებით მწირი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მაისის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის მაისის მდგომარეობით მიღებულმა შრომითი ანაზღაურებამ შეადგინა 27500.00, ხოლო 2014-13 წლებში, მთლიანობაში,  132,000 ათასი ლარი. გენერალური დირექტორის მოადგილის შრომითი ანაზღაურებამ 2013-2015 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანობაში - 115,000 ათასი ლარი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2015 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგინა 18500,00, 2014 წელს - 44400,00, ხოლო 2013 წელს - 37500,00 ათასი ლარი. მაღალია სამეურვეო საბჭოს წევრების ანაზღაურებაც. 2015 წლის მაისის თვის მდგომარეობით, მათ მიერ მიღებულმა ანაზღაირებამ შეადგინა 79950,00, 2014 წელს - 187350,00, ხოლო 2013 წელს 251476,00 ათასი ლარი. შესწავლილი მასალის დგინდება, რომ ტელევიზიის მონიტორინგის საბჭომ ხელფასის სახით, 2015 წლის მაისის თვის მდგომარეობით მიიღო 7000,00, ხოლო 2014 წელს - 111042,00 ათასი ლარი. შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, შრომით ანაზღაურებას საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იღებს მხოლოდ საზოგადოებროვი საბჭოს წევრები. მათ არც შესწავლილ პერიოდში უსარგებლიათ მივლინებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მისი მოადგილეების, სამეურვეო საბჭოს სამივლინებო ხარჯების შესახებ. როგორც მაუწყებლის 2015 წლის 8 ივნისის წერილის მიხედვით ჩანს, სამივლინებო ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ გენერალური დირექტორის მიმართ ფიქსირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2015 წლის მაისის თვის მდგომარეობით, სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 15776,4 ლარი, 2014 წელს 19637 ლარი, ხოლო 2013 წელს 8972,2 ათასი ლარი. მთლიანობაში, გენერალური დირექტორის მივლინებების ხარჯმა შეადგინა 38831,04 ათასი ლარი. გენერალური დირექტორის მოადგილეების 2015-2013 წლებში სამივლინებო ხარჯებმა 60179,6 ათასი ლარი. აქედან, ყველაზე მეტი 1782,2 დახარჯულ იქნა 2013 წელს, ხოლო შესწავლილი ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამეურვეო საბჭო სამივლინებო ხარჯით, 2015-2014 წლებში არ სარგებლობდა. სამეურნეო საბჭოს სამივლინებო ხარჯი დაფიქსირებულია მხოლოდ 2013 წელს და შეადგენს 4037,7 ათასს ლარს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნის საფუძველზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დააკმაყოფილა საჯარო ინტერესი და არ გასცა ინფორმაცია მაუწყებელზე მომზადებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური კატეგორიის საავტორო გადაცემათა წამყვანების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ. ორგანიზაციამ აღნიშნული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, წერილობით ორჯერ მიმართა. ასევე, ორგანიზაციამ დაუსაბუთებლად ვერ მიიღო ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი რადიოს 1 და რადიო 2-ის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ, რათა მომხდარიყო შესაბამისი შედარება, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიღებული ინფორმაცია, მხოლოდ შეეხო ტელე/რადიო გადაცემების დასახელებას და აღნიშნული გადაცემების მომზადებისთვის დასაქმებული პირების საერთო შრომითი ანაზღაურების ოდენობას. ამასთან, უცნობი დარჩა დასახელებული გადაცემების საშტატო ნუსხა და სარედაქციო შემადგენლობა. მაუწყებლის განმარტებით, „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი ბიუჯეტის მიზნობრიობა განისაზღვრება ერთბლივად, შესაბამისად, არ ხდება ბიუჯეტის კლასიფიკაცია მოსამზადებელი გადაცემების ცალკეული ჟანრისა და ტიპების მიხედვით“.

ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უპასუხოს საჯარო ინტერესს და სახელფასო პოლიტიკის მიმართ ინფორმაცია ხელმისაწვდომი, პროაქტიურად გამოქვეყნებადი გახდეს მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე. ამასთან, მონიტორინგმა აჩვენა, რომ სამთავრობო პოლიტიკა ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ მიმართულებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სტრუქტურაზე, არ ასახულა. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემის ჩამონათვალსაც და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, 2013,2014 და 2015 წლების სეზონის გადაცემები, რამდენიმეს გამოკლებით, თითქმის არ შეცვლილა. საზოგადოებრივ მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში არ ხვდება ისეთი გადაცემები, რომლებიც საზოგადოებას პროფილურად მიაწოდებდა ინფორმაციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე, არსებული რეფორმების ანალიზზე, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელიც მოქალაქეების წარმოდგენებისა და ინფორმირებულობის შესაძლებლობებს გაზრდიდა. ამასთან, ორგანიზაცია გამოხატავს გაკვირვებას იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ყველა კერძო ტელეკომპანიის დილის ეთერში, დილის გადაცმები გადაიცემა პირდაპირი ეთერის მეშვეობით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ჩვენი დილა“ მომზადებულია ჩანაწერის სახით, რაც მიგვაჩნია, რომ საზოგადოების, მაყურებლის მიმართ მნიშვნელოვანი უპატივცემულობაა, რაც უნდა გამოსწორდეს. 



კომენტარები