,ახალგაზრდა ადვოკატები“ მინისტრთან სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო

6 აგვისტო, 2015

2015 წლის 6 აგვისტოს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილთან სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მიზანს უწყების ახალი მინისტრის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემდგომი მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა წარმოადგენდა. კახი კახიშვილმა მესამე სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან ის კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები მოისმინა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში საჭიროა დაინერგოს. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ის რეფორმებზე, რომელიც უკვე განხორციელდა და რომლის გაგრძელებაც იგეგმება. ასევე, სიახლეებზე, რომელსაც ახალი მინისტრი პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით, მომავალში გეგმავს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნა წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებაში მუშაობას სჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევები და თუკი შეთანხმდებიან ასეთ უნარ-ჩვევებზე, სტანდარტებზე, იმაზე როგორ უნდა შევიდნენ, როგორ უნდა აწარმოონ დახურულ სისტემაში თავისი საქმიანობა, მაშინ არასამთავრობო სექტორის ინიციატივაში მიუღებელი არაფერი იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მინისტრის წინაშე უვადო პატიმრების საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი მინისტრი, საკუთარი ახალი ხედვის ნაწილში, უვადო მსჯავრდებულების საქმეების გადახედვის მექანიზმით დაინტერესდეს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ორგანიზაცია მუშაობს უვადო პატიმართა საქმეებზე, აღნიშნული საქმეების გადახედვის მექანიზის შეფასებაზე, აგვისტოს თვეში დაგეგმილია ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნება უვადო პატიმრების საკითხთან დაკავშირებით, სადაც ცალკე ადგილი დაეთმობა ერთ-ერთი უვადო პატიმრის გ.დ-ს საქმეს. კახი კახიშვილის განცხადებით, ყველა საქმე ინდივიდუალურია და მნიშვნელოვანია, საქმეებთან დაკავშირებით, ასევე შეფასდეს რისკის ხარისხი. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა სიფრთხილით, მაგრამ გაგრძელდება.



კომენტარები