ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 წლის 6 აგვისტოს განცხადებას ეხმაურება, რითაც არხის ხელმძღვანელობა, საკუთარ პოზიციას გამოხატავს ორგანიზაციის მიერ მაუწყებლის გენერალური დირექტორის, მოადგილეების, სამეურვეო საბჭოს თავჯდომარისა და მისი წევრების, მონიტორინგის საბჭოსა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრების შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ გამოქვეყნებულ მონიტორინგთან დაკავშირებით. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის, მონიტორინგის საკითხებზე, გაზეთ „ალიასთვის“ მიცემული ინტერვიუს ცალკეულ მოსაზრებებზე. კერძოდ, მაუწყებლის განცხადებით, „ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საუბარი იმის თაობაზე, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციას განზრახ მალავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ამავე ინტერვიუში გაჟღერებული ბრალდება წამყვანების შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი არ ეფუძნება ოფიციალურ საინფორმაციო წყაროს ან დოკუმენტურ მასალას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, მოკლებულია ყოველგვარ რეალურ საფუძველს და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა მაუწყებლის თანამშრომელთა სახელფასო პოლიტიკის შეფასება როგორც „დისკრიმინაციული“. ცნობისთვის: ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა შემდეგი: „ერთ-ერთი ინფორმაციით, უშუალოდ გადაცემის წამყვანებს აქვთ ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 15-დან 20 ათასს ლარამდე, რაც არის ასტრონომიული თანხა. ჩვენ მხოლოდ ამ ინფორმაციის დადასტურებას ვითხოვდით, რისი უფლებაც არ მოგვეცა“. ამასთან, ორგანიზაციამ 2015 წლის 6 აგვისტოს, არხზე სახელფასო პოლიტიკის მიმართ საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც აღინიშნა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელფასო პოლიტიკა უთანასწორო, სამივლინებო ხარჯები კი - კოლოსარულია“. როგორც არხის სპეციალურ განცხადეაბშია ნათქვამი, „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის 41(2) მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „ნ“ პუნქტის, 10(1), 271, 28(1) და 44(1) მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, თუკი მაუწყებლის მხრიდან გარკვეული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ეს განხორციელდა კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მათი სრული დაცვით“.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით არხის ხელმძღვანელობის მხრიდან საზოგადოებისთვის გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას, იმის მიუხედავად, ვეთანხმებით თუ არა განცხადებაში მოტანილ სამართლებრივ მსჯელობას თუ ფაქტობრივ გარემოებებს. მიგვაჩნია, რომ არხი კანონთან ერთად, ასევე ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესით. ამიტომაც, ორგანიზაცია მიმართავს არხის გენერალურ დირექტორს, ბატონ გიორგი ბარათაშვილს, მსჯელობა იმის შესახებ, რას უნდა დავეთანხმოთ "ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგში და რას - არა, რამდენად დასაბუთებულია სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენება თუ არა, რა არის სინამდვილე და რა არა, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, 2013-2015 წლის პერიოდში, გამოაქვეყნებს არხის საზოგადოებრივი/პოლიტიკური გადაცემის ავტორთა, წამყვანთა თუ პროდიუსერთა შრომით ანაზღაურებების ოდენობას, ამასთან, საზოგადოებას მაიწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივი რადიო 1 და რადიო 2-ის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების შესახებ, არხზე ჟურნალისტების ხელფასების თაობაზე, ხოლო შემდგომ, ჩვენ ყველა ერთად შევაფასებთ, ორგანიზაციის შეფასებები არხზე სახელფასო პოლიტიკის დისკრიმინაციულობის შინაარსი, რეალურია თუ არა. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზეც, რომ გაკვირვებას იწვევს ფაქტი, როდესაც ყველა კერძო ტელეკომპანიის დილის ეთერში, დილის გადაცმები გადაიცემა პირდაპირი ეთერის მეშვეობით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ჩვენი დილა“ მომზადებულია ჩანაწერის სახით. ჩვენ ეს მიგვაჩნია საზოგადოების, მაყურებლის მიმართ მნიშვნელოვან უპატივცემულობად. გაზეთ „ალიაში“ არხის გენერალური დირექტორი, ბატონი გიორგი ბარათაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „იყო დღეები, როცა ჩანაწერი გადიოდა. ეს მაშინ, როდესაც ზოგიერთი სტუმარი დილით, ადრე ვერ მოდიოდა. დანარჩენი გადაცემა გადიოდა ჩვეულებრივ“. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, აღნიშნული განცხადებით, საზოგადოებას ნამდვილად ატყუებს. არხზე „ჩვენი დილა“ არც ერთხელ არ გასულა პირდაპირი ეთერით, ხოლო აღნიშნულის გამო, დაადანაშაულო სტუმარი (საინტერესოა, რომელი სტუმარი), გადაცემის ჩანაწერის სახით გაშვების რეალური მიზეზების პირდაპირი დაფარვაა, რომელზედაც ახლა არ შევჩერდებით.
ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ, საკითხი გავაგრძელოთ და საზოგადოებრივი მაუწყებელი გავხადოთ მეტად ანგარიშვალდებული თითოეული მოქალაქის წინაშე.
იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება;
http://gpb.ge/NewsView.aspx?Location=626&LangID=1