ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივგების კვირეულს შეუერთდება. ორგანიზაციამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავები.
ორგანიზაციის წევრებმა პატივი მიაგეს ა.ბ-ს საფლავს, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის მახლობლად, ნასროლი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ჯერ მიიღო მრავლობითი დაზიანება, თავი შეაფარა ბუნკერს, გამთენიისას კი გარდაიცვალა. ორგანიზაცია საქმეზე უზრუნველყოფს ადვოკატირებას და ჯარისკაცის ოჯახს იმ სიმართლის დადგენაში ეხმარება, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებების დადგენას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც გვამის დათვალიერება მოხდა, მომზადდა ოფიციალური დასკვნები და გვამის აღწერილობა, ოჯახს გაუჩნდა ვარაუდი, რომ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები იყო შეუსაბამო, ცალკეული აღწერილობები არ შეიძლება გარდაცვლილის ფიზიკურ მდგომარეობასთან ყოფილიყო კავშირში. 2009 წელს მოხდა გვამის ექსჰუმაცია, რა დროსაც დადასტურდა შეუსაბამობები, რამაც წარმოშვა ეჭვი, რომ დნმ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გვამების ნუმერაციის არევის თაობაზე. ოჯახის განცხადებით, წარმოდგენილი გვამის ჩაცმულობა არ ემთხვევა ჯარისკაცის გარდაცვალების მომენტში არსებულ ჩაცმულობას. ექსპერტიზის დასკვნა და ფაქტობრივი რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა კბილების წყობასთან დაკავშირებით. გვამის ზედა კიდურზე არ აღმოჩნდა წარსულში არსებული მოტეხილობის კვალი, რომელიც გარდაცვლილს მკვეთრად აღენიშნებოდა. (დღემდე არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რენდგენი). 2013 წლის 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოხდა გვამის ხელახალი ექსჰუმაცია და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ოჯახის წინაშე ვერ შეძლო იმ შეუსაბამობების მიმართ კონკრეტული პასუხის გაცემა, რომელიც გვამთან დაკავშირებით, 2008 წლიდან არსებობს. ოჯახს აქვს საკუთარი არგუმენტები, როგორც 2009, ასევე 2013 წელს ჩატარებული ექსჰუმაციისა და გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ ტოვებს მაღალ ეჭვს, რომ მომხდარია გვამების ნომრების აღრევა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლის ივნისიდან, ოჯახთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს, რათა საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოხდეს სახელმწიფოს დახმარება და აიხსნას საქმეში არსებული შეუსაბამობების მიზეზები. გამოვთვამთ სრულ რწმენას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოზიტიურ როლს შეასრულებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად.