ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 12 აგვისტოს განკარგულებას თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გაასაჩივრებს, მაგრამ დაიწყებს საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკას ქვეყანაში მკაფიოს, დასაბუთებულსა და გამჭვირვალეს გახდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ დღეს განხილა ორგანიზაციის საჩივარი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ უარი ეთქვათ საგრანტო განაცხადის დაფინანსებაზე. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ადმინისტრაციული წარმოების სხდომაზე განაცხადა, საგრანტო პროექტის დაფინანსების უარი დაუსაბუთებელია და არ ტოვებს საგრანტო წინადადების ობიექტურად განხილვის ვარაუდს. გაუგებარია სწავლების ცენტრის მხრიდან გრანტის გაცემის პრინციპები, მიდგომები და გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩო, რომელიც არ ტოვებს გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასების ვარაუდს. არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს ორგანიზაცია, რომ სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რატომ შეიძლება დაიბლოკოს ან მიენიჭოს უპირატესობა ცალკეული ორგანიზაციების ცალკეულ საგნატო განაცხადებს, რატომ არ ეძლევათ პროფესიონალ, მაგრამ არადომინანტ ორგანიზაციებს შესაძლებლობები გააძლიერონ სამოქალაქო ინიციატივები, რა არის შესაცვლელი და მიუღებელი სწავლების ცენტრის საჯაროობაში და სად გადის ზღვარი, ცალკეული პროექტების შეფასების დროს, კომისიის წევრების პირად და პროფესიულ შეხედულებებს შორის, რომელიც საგრანტო განაცხადების ბედს წყვეტს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უნდა იფიქროს იმ ტენდენციებზეც, როდესაც სწავლების ცენტრის საგნატო პოლიტიკა ასოცირდება პოლიტიკური პარტიებთან ახლოს მდგომი სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერასთან სწორედ პოლიტიკური ლოიალობის გამო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიმართა ცსკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და სთხოვა, დაწყებულიყო შესწავლა პრესაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კონკრეტული განცხადებების საფუძვლიანობის შესახებ, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ, რომ სწავლების ცენტრის მხრიდან გაცემული გრანტები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ სამოქალაქო ორგანიზაციებზე ნაწილდება. არჩილ კაიკაციშვილმა უპასუხა ცსკო-ს წევრების კითხვებსაც და ცენტრის საგრანტო პოლიტიკაზე დისკუსიას აუცილებელი და საჭირო საკითხი უწოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საჩივარი მიზანმიმართული ქმედება არ არის და ემსახურება იმ სტანდარტების დამკვიდრებას, როდესაც გრანტის გამცემი თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ვალდებულებებისაგან და დაამკვიდრებს რეალურ კონკურენტულ, მიუკერძოებელ და სამართლიან საკონკურსო მიდგომებს. როგორც სხდომაზე ცსკო-ს წევრებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია საფუძვლიანად იქნეს ყველა პრეტენზია და შენიშვნვა შესწავლილი. ცსკო-ს წევრი ირაკლი ჭყოიძე გამოვიდა წინადადებით, რომ გადაიხედოს სწავლების ცენტრის საკონსკურსო კომისიის შემადგენლობა, ხოლო ზურაბ ხრიკაძემ მიუთითა, რომ საჭიროა სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების გრანტით აღებული ვბალდებულებების შესრულების შემოწმება და მათი ერთგვარი აუდიტი მოხდეს. როგორც არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე აღნიშნა, ორგანიზაცია არ აპირებს ინსტიტუციური დიალოგის შეწყვეტას, როგორც სწავლების ცენტრთან, ასევე ცსკო-სთან, მაგრამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებით დააკვირდება სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკას და მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფონდის გამჭვირვალობის პროცესს.
ცნობისთვის: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2015 წლის 16 ივნისს მიღებული ბრძანებით „ახალგაზრდა ადვოკატებს“ უარი უთხრა საგრანტო პროექტის დაფინანსებაზე. ორგანიზაციამ სწავლების ცენტრს წარუდგინა საგრანტო წინადადება საარჩევნო თემაზე: „ჩემი პირველი ხმა“, რომელიც ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების და საარჩევნო თემაზე ინფორმირების გაზრდას ქვეყნის 6 საარჩევნო ოლქში. ორგანიზაციის საგრანტო განაცხადმა, გამსვლელი 70 ქულიდან, 61.25 მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან, უკვე მესამე საგრანტო განაცხადზე მიიღო უარი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საჩივარზე ცსკო-ს 2015 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება მოცემულ ეტაპზე, არ გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა საჩივარმა ყველაზე კარგად გამოკვეთა პრობლემები და მიდგომები, რომლის დაძლევაში, ორგანიზაცია, აქტიური მონაწილეობის მიღებას გეგმავს.