„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთა

20 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გაწევრიანებისთვის განაცხადი მოამზადა. პალტფორმა შედგება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (European Economic and Social Committee) წევრების ჩათვლით, და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით. პლატფორმა შედგება 18 წევრი ორგანიზაციისაგან, საიდანაც ამ ეტაპზე შერჩეულია 15 ორგანიზაცია, რომლებიც გაწევრიანებული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადების ფორუმის ეროვნული პლატფორმაში, ხოლო კონკურსი, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდა, დამატებით შეარჩევს კიდევ სამ ორგანიზაციას, რომლებიც არ არიან ეროვნული პლატფორმის წევრები. პლატფორმა იმუშავებს შემდეგი ძირითადი მიმართულებით: ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური მონაწილება და ადვოკატირება, საზოგადოების ინფორმირება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გაწევრიანებისთვის ევროინტეგრაციის ცოდნის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ სპეციალური დასაბუთების დოკუმენტი წარმოადგინეს, სადაც ვრცლად იქნა აღწერილი, რომ ორგანიზაცია საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ინფორმირების ამაღლების ხელშეწყობა. ქრონოლოგია, რა დროსაც ორგანიზაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს 2013 წლის შემოდგომიდან, ახორციელებს ინიციატივებს, პროექტებსა და მონაწილეობს საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში. მხლოდ 2015 წელს, თებერვალში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“ განხორციელებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც მთავრობის სამინისტროების მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის, შესრულებისა და დოკუმენტის ფარგლებში, მოსალოდნელი ღონისძიებების შესწავლას დაეთმო. აპრილში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დაფუძნდა. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში, მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა. ივლისში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში, განახორციელეს პროექტი: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“. აგვისტოში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, კონფერენცია გამართეს. აგვისტოშივე, „,ახალგაზრდა ადვოკატებისა“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, მარნეულის იუსტიციის სახლში, ქვემო ქართლის ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის, მიგრაციის საკითხებზე ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლები. პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების შერჩევა შემოსული დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე - ჩატარდება გასაუბრება. საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გაწევრიანების შესახებ კონკურსის შედეგებზე, განმცხადებლებს, მათ შორის „ახალგაზრდა ადვოკატებს“, ინფორმაცია 2015 წლის 15 სექტებრამდე მიეწოდებათ. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ დააკმაყოფილებს საკონკურსო პირობებსა და ახალი ძალისხმევით ჩაერთვება ევროინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესში. 

 


კომენტარები