ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უვადო მსჯავრდებულთა საქმეების სამართლებრივ პერსპექტივებთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, საკითხთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის მიხედვით, სახელმწიფოს არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, უვადო პატიმართა საქმეების გადახედვის მიმართულებით, თუმცა უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეების სამართლებრივი პერსპექტივები სამართლიანობის აღდგენის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კვლევამ აჩვენა, რომ 2007 წლამდე, საქართველოში მხოლოდ 25 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი იხდიდა სასჯელს, 2015 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი, მათი რიცხვი 81-მდე გაიზარდა. უვადო პატიმრობის რიცხოვნობის გაზრდა პირდაპირ პროპორციული აღმოჩნდა 2003-2012 წლების ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამო. 2012 წლამდე, სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხმა და საპროკურორო ძალაუფლების მართლმსაჯულებაზე პირდაპირმა გავლენამ, შედეგად მოიტანა, მათ შორის უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების საქმეებზე არაეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და არაობიექტური განაჩენები, პარლამენტმა, 2012 წლის 28 დეკემბერს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი, ცალსახად აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მართალია, სახელმწიფომ გადადგა ჰუმანური ნაბიჯი და 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონით 2003-12 წლების ხელისუფლების მმართველობის პოლიტიკური რეჟიმის მხარე შეაფასა, მაგრამ კანონში გაჩენილმა ხარვეზმა, შეუძლებელი გახადა სამართლიანობის აღდგენა უვადო პატიმართა საქმეებზე. სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპი უნდა გავრცელებულიყო უვადო თავისუფლება აღკვეთილებზეც, მაგრამ რაკი ამნისტიის კანონში კონკრეტულად არ იქნა გაწერილი, თუ როგორ მომხდარიყო აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია, სასჯელის საბოლოო ზომა (უვადო) დარჩა უცვლელად. ორგანიზაციის მიერ შესწავლილ უვადო პატიმართა საერთო განცხადებაშიც, სამი ტიპის მოთხოვნაა და ვხედავთ, რომ მათი საქმეების პროცესში, ადგილი აქვს ა) არასწორ კვალიფიკაციას, ბ) არაადეკვატურ სასჯელსა და გ) პატიმრები თავს უდანაშაულოდ თვლიან. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუკი უვადო პატიმრების შეწყალების მარეგულირებელ აქტში წერია, რომ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის განხილვის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელის 25 წელს მოიხდის, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, დადგენილი წესების დაუცველად, მიიღოს პირის შეწყალების გადაწყვეტილება. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ევროპული კომისიების მიდგომებსა და შესწავლილი შვიდი ქვეყნის მაგალითზეც და აღნიშნავს, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველომ დაიცვას საერთო დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ა) არ შეიძლება პიროვნების იძულება, სიცოცხლე ციხეში დაასრულოს, ბ) არც ერთი კატეგორიის პატიმარს არ უნდა მიენიჭოს იარლიყი - „მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს“, გ) უარი გათავისუფლების თაობაზე არასოდეს არ უნდა იყოს საბოლოო და დ) პირობით გათავისუფლების შემდგომ კვლავ ციხეში დაბრუნებულ პატიმრებსაც კი არ უნდა წაერთვათ გათავისუფლების იმედი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევის ფარგლებში, საზოგადოების წინაშე ცნობილი გახადეს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული უვადო პატიმარ გივი დუმბაძის საქმე. ორგანიზაციის იურისტის, კვლევის თანაავტორის, სალომე გოგლიძის განცხადებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-12 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება გადახედვას, რომელიც დღემდე არ მომხდარა და საქმის მასალები საჭიროებს სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან გამოძიების მეშვეობით, დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2014 წლის თებერვალში, გივი დუმბაძის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნდა და სწრაფი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც აღინიშნა, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. მისი დაკავების და დანაშაულში ბრალდების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა ახლო ნათესავის, გარდაცვლილი გენერალის, რომან დუმბაძის მიმართ თვალთვალისა და შემდგომ ლიკვიდაციის დავალების შესრულება, რაზედაც, გივი დუმბაძემ თავიდანვე უარი განაცხადა. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-12 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე. სალომე გოგლიძის თქმით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება უვადო თავისუფლებააღკვეთილთა საქმეებზე, პირველი და მნიშვნელოვანი პრეცედენტი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში, უნდა გადახედოს შეწყალების არსებულ მიდგომებს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა განცხადებების განხილვასა და შესწავლას, რომლებიც სასჯელთა შეცვლას და/ან განახევრებას მოითხოვენ. მთავრობამ სისტემური მიდგომა უნდა შექმნას უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულთა საქმეების მიმართ, საქმეების გადახედვა უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა და საქმეების გადახედვა დაეფუძნოს გონივრულ ვადებს, საქმეთა შესწავლისა და გადახედვის ინდივიდუალურ პრინციპსს. პროკურატურამ უნდა დაიწყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება საქართველოს პარლამენტის მიერ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებაში დასახელებულ პირთა საქმეების მიმართ, ხოლო პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზი, რომელიც უვადო თავისუფლებააღკვეთის მქონე პატიმრების მიმართ, სასჯელის გადახედვის პროცესში, გაავრცელებს სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპს და განსაზღვრავს, თუ როგორ მოხდეს აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარეკომენდაციო პაკეტში ცალკე ყურადღება დაეთმო მიმართვას პრეზიდენტის მიმართ, რათა ობიექტურად იქნას შესწავლილი გივი დუმბაძის საქმე და საქმის რეალური გარემოებებიდან გამომდინარე, გივი დუმბაძე, შეწყალების აქტის საფუძველზე, სასჯელისგან გათავისუფლდეს. შეწყალების გამოყენებაზე, პრეზიდენტის შეწყალების კომისიის უარი დაუსაბუთებულია და არ ეფუძნება საქმის შესწავლის ობიექტურ ვარაუდს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი დაინტერესდეს პატიმრობაში უკანონოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის, გივი დუმბაძის საკითხით და მის მიმართ გამოიყენოს შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილება.
„ახალგარზდა ადვოკატებმა“ კვლევის პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, რომელაც აგრეთვე, გივი დუმბაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.