„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარაში „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის“ პრეზენტაციას გამართავს

26 აგვისტო, 2015

2015 წლის 27 აგვისტოს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”, ბათუმის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის“ რეგიონალურ პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონის თვითმმართველობების, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის აჭარის რეგიონალური ოფისისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე დეტალურად მოხდება პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია, აღნიშნული პროექტების მიმდინარეობის შეფასება და რეგიონში მცხოვრები მიგრანტების პროექტებში მონაწილოებისთვის საჭირო მოქმედებების შესახებ გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე მსჯელობა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო  ორგანიზაციებზე გადანაწილდა. სახელმწიფო დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, პირველად უზრუნველყოფს შემდეგი სარეიტნეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას მიგრანტებისთვის: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც  მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ უკანასკნელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“.

 



კომენტარები