„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აჭარაში „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის“ პრეზენტაცია გამართეს

27 აგვისტო, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ინიციატივით, აჭარაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“ რეგიონალური პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონის თვითმმართველობების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის აჭარის რეგიონალური ოფისისა და სამოქალაქო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია, მიგრანტების წინაშე არსებული იურიდიული პრობლემების იდენტიფიცირება, შეფასება, რეაგირება და გადაჭრა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზებზე. მიგრანტების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობის დროს, მიგრანტებისთვის იურიდიულად მოწესრიგებული გარემოს შექმნა. იურიდიული მომსახურების მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არქმონე პირები საქართველოში ბინადრობის უფლებით, პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე და აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნებიდან გასული არ არის 1 წელიწადი. მისივე თქმით, თითოეულ ბენეფიციარზე საჭიროებებიდან გამომდინარე, სრულად დაიხარჯება 1000 ლარი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართა ინტერესები (სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის მომზადება, სანოტარო მოქმედებები, ინფორმაციის მიღება და სხვა) მოითხოვს გამოყოფილ 1000 ლარზე მეტი თანხის დახარჯვას, ორგანიზაცია აღნიშნულ ბენეფიციარებს უარს არ ეტყვის მომსახურების გაწევაზე თანადაფინანსების მონაწილეობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის“ მიზანია, ხელი შეეწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო  ორგანიზაციებზე გადანაწილდა. სახელმწიფო დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, პირველად უზრუნველყოფს შემდეგი სარეიტნეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას მიგრანტებისთვის: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც  მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ უკანასკნელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ რეგიონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებს პროგრამისა და პროექტის ადგილობრივ მოსახლეობაში გაცნობის მიზნით, დახმარება სთხოვა. 2015 წლის 1 სექტემბრიდან, აჭარის რეგიონის თვითმმართველობების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ვრცელი ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის“ სერვისებისა და „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის“ შესახებ. ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამული სერვისების შესახებ უშუალო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგანაც მიიღოს. შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ საგრანტო პროგრამის ფარგლებში დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის“ პროექტს 2016 წლის 18 იანვრის მდგომარეობით განახორციელებს.



კომენტარები