„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს

11 სექტემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ სამოქალაქო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული პრინციპი - ე.წ. საპოლიციო გამოსახლებები შეცვალოს და გამოსახლებები დაექვემდებაროს სასამართლო გადაწყვეტილებებს, გამართლებულია. ერთი მხრივ, ახალი რეგულაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარიხსს აამაღლებს, მეორე მხრივ კი, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, სადაო საკითხთან დაკავშირებით, არა ქუჩაში, არამედ სასამართლო დარბაზში წარადგინონ არგუმენტაცია. ამასთან, ყურადღებას იმსახურებს ნამდვილი მესაკუთრისა და ქონების კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი ინტერესების დაცვის საკითხიც, თუმცა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შექმნას სამართლიანი გარემო და სადაოდ გამხდარ საკითხთან დაკავშირებით, ყველა მხარეს მისცეს თანაბარი დაცვის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, სასამართლო ხელისუფლებაზე განაწილებული პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო მეტად ზრდის მართლმსაჯულების ფუნქციურ საკითხს, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო ხელისუფლება საქმეთა განხილვის პროცესში, არღვევს კანონით დადგენილ ვადებს და არსებობს მაღალი რისკი, სადაო ქონებასთან დაკავშირებული საქმეები დროში გახანგრძლივდეს, ამით მნიშვნელოვანი ზიანი მაიდგეს მესაკუთრეს, რეალურია. შესაბამისად, საჭიროა ამ მიმართულებით, სასამართლო ხელისუფლებამ მიიღოს აქტიური ზომები და გაზარდოს მოსამართლეთა კორპუსი, საქმეთა განაწილება მოხდეს ეფექტურად, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნონ სპეციალიზირებული მოსამართლეებიც. რასაკვირველია, საქმისწარმოების პროცესი უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური, რადგანაც რეალურად იმუშაოს გამოსახლებებზე კანონის ახალმა მოთხოვნებმა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების პროცესი დასაშვებია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლთან, რომელიც ადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ცვლილებები შესაბამის სამართლის ნორმებში და აიკრძალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2007 წლის 24 მაისის N747 ბრძანება, რომლის თანახმად პოლიცია უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს მფლობელი საკუთრებიდან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უძრავი ნივთის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, დიდ ზიანს აყენებს უძრავი ნივთის მფლობელს. მართალია ნივთის მფლობელი, დავის მიმდინარეობისას, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ არის ქონების მესაკუთრე, თუმცა აღნიშნული ქონება სადაოა და მისი დაბრუნების დიდი ალბათობა არსებობს, ვინაიდან მფლობელის საკუთრებიდან ეს ქონება უკანონო გზით გავიდა. შესაბამისად, ასეთი დავის არსებობის შემთხევაში, აუცილებელია, სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება და სასამართლოს გვერდის ავლით არ განხორციელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ განჩინებით შეაჩერა, სადაო ქონებიდან, გამოსახლების პროცესი, მაგრამ, მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, ვანო მერაბიშვილის N747 ბრძანების საფუძველზე გამოსახლება მაინც განხორციელდა. შედეგად კი, ქონების მფლობელსა და მის ოჯახს დიდი ზიანი მიადგა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქონებას  თაღლითური გზით კარგავენ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა იდაონ საკუთარი ქონების დასაბრუნებლად.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ მოსაზრება, თითქოსდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლების აკრძალვის შემთხვევაში, კრედიტორები, ქონების მესაკუთრეები, რომლებმაც ქონება კანონიერი გზით შეიძინეს, მაგალითად აუქციონზე და ვერ ისარგებლებენ შეძენილი უძრავი ნივთით, უკანონო ხელყოფის გამო, დაზარალდებიან, არ ამართლებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსათვის გამოსახლების მოთხოვნის მიმართვის შემთხვევაში, დავის განხილვა დაკავშირებულია ვადებთან, ორგანიზაცია მაინც არ იზიარებს ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეებზე, სასამართლოს მიერ დავის განხილვა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ვადებთან და საქმის გაჭიანურებასთან, რომ გამართლებული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების დასაშვებობა, ვინაიდან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, დამდგარი ზიანი ბევრად მეტია, ხოლო დაცული სიკეთე, ასევე მნიშვნელოვანი.



კომენტარები