ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოება მოულოდნელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა, გვერდი აუარეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი, რომლის 43-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი“. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 8 მოსამართლის ხელმოწერით, რაც ნიშნავს, რომ სახეზეა კანონით დადგენილი წესით დაუცველი გადაწყვეტილების მიღება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ლეგიტიმურობის შესახებ კითხვებს აჩენს. გადაწყვეტილების ასეთი ფორმით გამოტანას ანალოგი არ აქვს არც ერთ ქვეყანაში. სახეზეა ორგანული კანონით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მოცემულობა, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მაღალი ალბათობით, სასამართლოს თავმჯდომარემ შეასრულა პოლიტიკური დავალება და გამოცხადებული გადაწყვეტილებით შექმნა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგებული პრეცედენტი - დაუცველი წესით მიღებული გადაწყვეტილების სახით. სამწუხაროდ, აღნიშნულ მოქმედებას დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კანონის დარღვევაში. ამასთან, სასამართლომ შექმნა არაკოლეგიალური გარემო, როდესაც მოსამართლე მერაბ ტურავას არ მიეცა გონივრული ვადა, გადაწყვეტილების პროექტს გაცნობოდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მერაბ ტურავას საკუთარი მიდგომები, სავარაუდოდ, ძვირად დაუჯდება - გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ დავალებას მერაბ ტურავას სასამართლოდან წასვლის გადაწყვეტილებით გააფორმებს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სადაო ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ავტომატურად არ ნიშნავს თბილისის ყოფილი მერ გიგი უგულავას პატიმრობაში უკანონოდ ყოფნის ფაქტს. 9-თვიანი ვადა გაგრძელდა მაშინ, როდესაც მოქმედებდა სადაო ნორმა, მოცემულ შემთხვევაში კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებას უფლება არ აქვს გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაათავისუფლოს. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის ნორმის განმარტებაზე და გადაწყვეტილება არ ეხება კონკრეტული პირის თავისუფლების ან დაპატიმრების საკითხებს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ამიერიდან, 9 თვეზე მეტი ხნით წინასწარი პატიმრობა დაუშვებლად ცხადდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც გიგი უგულავას საქმის სახით, გვაქვს უკვე კონკრეტული ვადაგადაცილებული პატიმრობის შემთხვევა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე, მხარემ შუამდგომლობით უნდა მიმართონ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, სასამართლოს და მოთხოვოს აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმება ან შესაძლოა თავად სასამართლოებმა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, განვითარებული მოვლენები ტოვებს ღია შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ჩართული აღმოჩნდა პოლიტიკურ დებატებში, გადაწყვეტილების გამოცხადების ფორმით, აღმოჩნდა მხარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, ხოლო გიორგი პაპუაშვილმა უშუალოდ შეასრულა დაკისრებული დავალებები, რაც მომავალში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სასამართლოს ავტორიტეტს და მისდამი საზოგადოებრივ ნდობას. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი თავად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს, ხელისუფლება კი, ჩადენილ კანონდარღვევაზე, დუმს. საქმე ეხება როლანდ ბლადაძის შემთხვევას, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. ისტორიას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნულ საკითხზე ადვოკატირებას ახორციელებს. საქმე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი იძიებს, თუმცა ადვოკატების ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით საქმეზე კონკრეტული შედეგები არ არსებობს.