ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის ოჯახის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებულ სადავო ქონების საკითხს კიდევ ერთხელ ეხება.
„ჩემთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლისა და ძალადობის შედეგად, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, დღეს ახალი ხელისუფლების იმედით და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით ცხოვრობს. საზოგადოება უკვე ამომწურავად ფლობს ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა დავიცვა ფაქტების სიზუსტე და მთავარ გარემოებებზე მივაქციო თქვენი ყურადღება. აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის სექტემბერში, ჩემი ერთადერთი უძრავი ქონება დაუსაბუთებლად და უკანონოდ ჩამომართვეს, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს, კუთვნილი სახლი კი, 2007 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დაუთმო. ჩემმა იურისტებმა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებმა, მტკიცებულებებით დაასაბუთეს, რომ გიორგი პაპუაშვილი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე ფიზიკური პირი - გიორგი პაპუაშვილი, უშუალოდ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ჩამორთმეული ქონება წარმოადგენდა სადაოს და მისი გასხვისება არ უნდა მომხდარიყო. 2007 წლის 11 მაისს, საქართველოს პრეზიდნეტს მივმართეთ და აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფო აპირებდა ქონების გასხვისებას. შეგიძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამჟამადაც დააზუსტოთ, როდესაც ჩემი ოჯახი წერილში აღნიშნავდა, რომ ჩამორთმეული ქონების გადაცემას სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის და არა რომელიმე სხვა მოსამართლისთვის აპირებდა. საქმეში არსებობს საპარლამენტო კომიტეტის შეფასებებიც, თუმცა გიორგი პაპუაშვილმა ჩემს სახლში ცხოვრების გაგრძელების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს, გამოსახლების დროს, პოლიციის წარმომადგენლებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ საქართველოში ერთადერთი სახლის გარეშე დავრჩით.
2012 წლის 1 ოქტომბრის ცვლილებების შემდგომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში გაჩენილმა შესაძლებლობებმა, საშუალება მომცა მიმემართა პროკურატურისათვის. 2013 წლის აპრილში, ჩემს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შეწყდა, სამშობლოში დავბრუნდი, ჩემი დარჩენილი ახლობლების ნახვის საშუალება მომეცა, მშობლების საფლავზეც პირველად მივედი, ჩემი დაკარგული ერთადერთი სახლის დაბრუნებისთვის, სამართლებრივი მოქმედებები აქტიურად გავაგრძელე. 2015 წლის მარტში, გიორგი პაპუაშვილმა სახლის გასხვისება სცადა, მაგრამ გასხვისებულ ქონებაზე შემძენმა - გიორგი ლევიძემ უარი თქვა. მეგონა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პირველი იქნებოდა, ვინც წართმეულ სახლ-კარს დამიბრუნებდა ან სახელმწიფოს გადასცემდა, რომელიც, შემდგომ სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ვერც სწრაფი გამოძიების ჩატარება მოხერხა ჩემი ქონებების დათმობის ფაქტზე. საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის საკითხზე საქმისწარმოება პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტშია, ხოლო კიდევ ერთ ეპიზოდზე - გიორგი პაპუაშვილის მიერ ჩემი კუთვნილი ავტოფარეხის მიტაცების ფაქტზე, ამჟამად გამოძიება აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარეობს.
ჩემთვის გასაგებია და ახსნადიც, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რატომ ვერ ხერხდება ჩემი სახლის დაბრუნება. ხელისუფლებას ეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელის მიმართ ნეგატიურ მოქმედებად ჩაეთვლება, მაგრამ კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის დაცვა, დღეს უკვე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა. ეს საკითხი გამოწვევის წინაშე ამყოფებს, პირველ რიგში, გიორგი პაპუაშვილს, რომლის ავტორიტეტიც, ბოლო დღეების მოვლენების შედეგად, სულ უფრო ნდობას კარგავს. სამწუხაროდ, ბატონ გიორგი პაპუაშვილს არ აღმოაჩნდა შესაბამისი სიმტკიცე, რომ ჩემი ერთადერთი სახლი დამიბრუნოს. ბოლო პერიოდის განცხადებებიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყურადღებით აკვირდება სადაო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საუბრობს, რომ მისი ყველა ქონება კანონის დაცვითაა შეძენილი. გიორგი პაპუაშვილის აღნიშნულ განცხადებას ვერ ექნება სიმართლის პრეტენზია, რადგანაც სახეზეა ჩემს საცხოვრებელ სახლში სასამართლოს თავმჯდომარის ცხოვრების ფაქტი, რომელმაც ქონების მიღებამდე იცოდა, რომ ბინა სადაო იყო, შეძენილი მქონდა 1999 წელს და ნოტარიულად დამოწმებული 2000 წელს, ვიდრე რომელიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას დავიკავებდი აჭარაში.
მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტსაც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სისტემური სახე მიეცა საპროტესტო აქციებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელ ადგილთან. ცხადია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც კონსტიტუციური უფლებათაგანია, რომლითაც სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები სარგებლობენ. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ აქციებში, ჩვენ ვემიჯნებით ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ და რაიმე ფორმით შეაფერხებს სასამართლოს ფუნქციონირებას, თავმჯდომარის თუ მოსამართლეთა ოჯახის წევრთა უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ჩემთვის და ჩემი კანონიერი იტერესების დამცველთათვის, არჩეული გზა სამართლიანი ინტერესების დაცვისთვის, არ ცდება კანონმდებლობით დადგენილ ფორმებს და მთლიანად არაძალადობრივია. ისმის ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც, რომელიც ჩემთვის წართმეული ქონების ნაწილში კეთდება. ამიტომაც, მსურს ყველა დაინტერესებულ მხარეს მივმართო თხოვნით, რომ საკითხზე მსჯელობისას ყველა გარემოება გადამოწმდეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებთან“, რომელთა პოზიციაც, საჯარო სივრცეში, საქმეზე ჩემს პოზიციადაც აღიქმება.
ბოლოს, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე უარი ვთქვი ევროსასამართლოში საჩივრის გაგზვანაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მჯერა, ქართული სახელმწიფო ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მიცემულ პირობას შეასრულებს - სამართლიანობა აღდგება. ამიტომაც გამაჩნია პოზიტიური მოლოდინი და მჯერა, რომ საქართველოს პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს დააჩაქრებს, მაგრამ დღევანდელი განცხადების მიზეზი და მიზანი სულ სხვა არის, რომელიც შეუძლებელია გამოხმაურების გარეშე დარჩენილიყო - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საერთაშორისო იმიჯის შექმნით სახელმწიფოსთვის უდანაშაულობის დადასტურებას ცდილობს. ბათუმში, 9-12 სექტემბრის შუალედში, საკონსტიტუციო სასამართლომ მართლაც მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა. მე გულწრფელად მახარებს, რომ საქართველოს ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე გახდა. ასეთი აღიარება მხოლოდ ქვეყნის დამსახურებაა და ხაზს უსვამს ევროპული ინსტიტუციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ევროპული კურსის მხარდაჭერასა და აღიარებას. ამიტომაც, ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ცალკეული ინფორმაცია, რომლითაც გიორგი პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ჩატარებული შეხვედრების ხასიათით, შეეცადა საკუთარი დანაშაულებრივი მოქმედებების გადაფარვას და რეპუტაციის აღდგენას. სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი სახელის გადარჩენას ცდილობს ამჟამად სტრასბურგშიც, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თუმცა სამწუხაროა, რომ საქართველოში, პირველ კონსტიტუციონალისტთან, ევროპული სამართლით აღიარებული საკუთრების უფლებები, ასე შორს დგას. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ მივმართო ბატონ გიორგი პაპუაშვილს, რომელთანაც არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გამაჩნია, რომ დამითმოს, დამიბრუნოს ჩემი სახლი, რომელშიც გაუმართლებლად ცხოვრობს. დაეხმაროს მთავრობას სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, რომელსაც ჩემი ოჯახი, მეუღლე და შვილები, მოვითხოვთ და მოველით. ამასთან, მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორ ბატონ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ დავით უსუფაშვილს, ჩემს საქმესთან მიმართებით, მოხდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა და შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების გზით, კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც წართმეულის დაბრუნება შეიძლება“ - აცხადებს როლანდ ბლადაძე, რომელიც მადლობას უხდის ყველა ჟურნალისტს, რომელიც საკითხის მიმართ საჯარო ინტერესს გამოხატავას.