„ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2015

2015 წლის 21 სექტემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებების პროექტის განხილვას დაესწრო. საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიცავს ცვლილებებს 10 კანონში, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რამდენიმე მნიშვნელოვან და პრინციპულ სიახლეს ეხება. კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროს გაფართოება და მცირე გამონაკლისების გარდა, მისი სრულად გავრცელება ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე, ვიდეოთვალთვალის მსგავსად, აუდიოჩაწერისა და აუდიო კონტროლის რეგულირება, ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების და მონაცემთა სხვა ქვეყნებში გადაცემის საფუძვლების დაკონკრეტება, ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნების მონაცემთა დამუშავება. შეხვედრაზე გაცნობილ იქნა ინსპექტორის მიერ მომზადებული წინადადებები, რომელიც ასევე ეხება პირდაპირ მარკეტინგსაც. შემოთავაზებულია ერთიანი ვებ-პორტალის შექმნა, სადაც პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პორტალის მეშვეობით, ერთიანად თქვან უარი მათთვის არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გაზრდა, როცა ხდება 100 ან მეტი მოქალაქის უფლების დარღვევა.

შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიწვევით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ესწრებოდა. 



კომენტარები