ევროპული ინსტიტუტები:„როდესაც რესტიტუცია შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ“

22 სექტემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ასაჯაროებს და მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამჟამად საერთაშორისო იმიჯის შექმნით სახელმწიფოსთვის უდანაშაულობის დადასტურებას და ევროპელი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საზოგადოების წინაშე ცნობილი გახადა ორგანიზაციის მიმართ ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის შეფასებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტით მიმართ ღია ინტერესს გამოხატავენ.

ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის და რუსეთის სამმართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორატი ფილიპე კამარისი წერილში აღნიშნავს, რომ საკუთრებისა და მიწასთან დაკავშირებული უფლებები იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას „საქართველო - გარდამავალ პერიოდში“ საორიენტაციო მოხსენებაში, რომელიც გამოიცა ბატონი თომას ჰამარბერგის მიერ. ჩვენ გვქონდა პატივი, გასულ წლებში, ევროპარლამენტში შევხვედროდით და პირადი კომუნიკაცია გვქონოდა ბატონ ჰამერბერგთან. შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილია იმ უამრავი საჩივრების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში უკანონოდ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ წარმოადგინეთ სპეციფიკური ქეისი, თომას ჰამარბერგის ანგარიშში არსებობს ზოგადი რეკომენდაცია, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ასეთი კანონდარღვევის ფაქტს, „როდესაც რესტიტუცია (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.“

ევროსაბჭოს რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორატის განყოფილების უფროსის, დირკ შუბელის წერილშია ნათქვამია, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეები საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოწვევაა, რომელიც ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. „თქვენი კვლევა და სამართლებრივი ანალიზი, აჭარის რეგიონში უკანონოდ ქონებაჩამორთმეულების საქმეზე, ხელს უწყობს ქვეყანაში დამკვიდრებული ნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებისათვის ქონების გადაცემის პრაქტიკის შეცნობას, რომლის გამოც, მოქალაქეების მიერ გასაჩივრების რაოდენობა ასობით გაიზარდა 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ. დაზარალებული მოქალაქეები მიუთითებდნენ თავიანთ საჩივრებში, რომ მათ ქონება იძულებისა და ზეწოლის გზით ჩამოართვეს. წარსულ უსამართლობაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და მისი მოგვარება არის ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ჭირდება ადეკვატური პასუხი,რეაგირება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ და დაუსჯელობის სიდრომის წინააღმდეგ ბრძოლა, არის მისი პრიორიტეტული მიმართულება“ - ნათქვამია წერილში. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მესამე ევროპული ინსტიტუტი აღმოჩნდა, რომელიც ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ვენეციის კომისიის სამდივნოს დირექტორის, თომას მარკეტის წერილშია ნათქვამი, ვენეციის კომისია სრულად გაეცნო წარმოდგენილ საქმეს და ორგანიზაციის მიმართ, კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს სახელით, უფლებამოსილია მადლობა გადაიხადოს წარმოდგენილი დოკუმენტისთვის. წერილის თანახმად, ვენეციის კომისია როლანდ ბლადაძის შემთხვევას ვერ განიხილავს არსებითად, ვინაიდან ფაქტი ეხება ინდივიდუალურ საქმეს, თუმცა ვენეციის კომისია უკვე გაეცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარესთან სადაოდ გამხდარი საკუთრების ფაქტს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს, ხოლო 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩამორთმეული ქონება სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადასცა. 2015 წლის 21 სექტემბერს საზოგადოების წინაშე ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ოჯახის ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ხელისუფლებას თხოვნით მიემართა, რომ დაჩქარდეს საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია გაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.



კომენტარები