ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენელს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ როლანდ ბლადაძის საქმეზე მედიასთან ინტერვიუს დროს, ნებსით და უნებლიეთ, საქმის მასალებთან შეუსაბამო შეფასებები და განცხადებები კეთდება. იქედან გამომდინარე, რომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაა, საჭიროა საზოგადოებას მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია. კერძოდ, გაზეთ „ალიას“ 2015 წლის 24 სექტემბრის #144 (გვ 6) სტატიაში: „გიორგი პაპუაშვილის გადაყენების მოთხოვნით აქციები იწყება“, საუბარია, რომ თითქოსდა როლანდ ბლადაძის საქმე ხანდაზმულია. ამასთან, აღნიშნულია ის გარემოება, რომ ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რესპოდენტი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ „როგორც კი დამთავრდება სასამართლო პროცესი, მე ვაძლევ პაპუაშვილს პირობას, რომ აუცილებლად გამოვასახლებთ ბლადაძის სახლიდან!“ (სტილი დაცულია) ასევე, ინტერვიუში, როლანდ ბალდაძის საქმის კონტექსტში რესპოდენტი აღნიშნავს, რომ „ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა: გადადგეს პაპუაშვილი და დატოვოს როლანდ ბლადაძის სახლი, თორემ იქედან გამოვაბუნძულებთ ძალის გამოყენებით!“. (სტილი დაცულია) მასალაში, გიორგი პაპუაშვილის მისამართით, აგრეთვე აღნიშნულია, რომ „მაგათ მახინჯი უცხოელი პარტნიორების იმედი აქვთ, ფულს, რომ აყრიან“ (სტილი დაცულია).
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უფლებამოსილია როლანდ ბლადაძის ოჯახის სახელით განაცხადოს, რომ ემიჯნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონების საკითხზე ცისლისწამებლური განცხადებების და ძალადობრივი მოქმედებების დაშვებას. ორგანიზაციას და როლანდ ბალადაძეს აქტიური კომუნიკაცია გააჩნიათ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორები სრულად იზიარებენ იმ მიზანს, რომ ქონებაჩამორთმეულის საქმეზე სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვემიჯნებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელ ადგილთან აქციების ძალადობრივ ფორმას, რომელიც საქმეს მნიშვნელოვნად აზიანებს. ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას, რადგანაც საკითხზე სამართლებრივი მოქმედებები გრძელდება და ახალი ძალით, 2014 წლის ოქტომბრიდან, საქმეზე არსებობს სტრატეგია, რომელიც ეკუთვნით როლანდ ბლადაძის ადვოკატებს. ამასთან, მხოლოდ როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველები - არჩილ კაიკაციშვილი და ნანა წულაძე არიან უფლებამოსილნი, ესაუბრონ საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სიზუსტეებზე, რაც ყველაზე მთავარია მოცემულ ეტაპზე. შესაბამისად, დამოუკიდებელი პირების მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებები არ გამომდინარეობს როლანდ ბლადაძის ინტერესებიდან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როლანდ ბლადაძის საქმეც არ არის ხანდაზმული, ხანდაზმულობის საკითხი დგას მხოლოდ ერთ გარემოებაზე, როლანდ ბლადაძის ოჯახი ემიჯნება გიორგი პაპუაშვილის მიმართ პერსონალურ თავდასხმებს და მოქმედებს პროფესიონალ იურისტთა ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე.