ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გაწევრიანებისთვის მომზადებული განაცხადი არ დაკმაყოფილდა. როგორც პლატფორმის წევრების თხოვნით შექმნილ დროებითი კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის წერილშია ნათქვამი: „პლატფორმის წევრების თხოვნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ, რომელიც შედგებოდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელებისაგან, დაასრულა პლატფორმის დამატებითი წევრის შერჩევა. გაცნობებთ, რომ პლატფორმაში გაწევრიანების სურვილი თორმეტმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა. დროებითმა კომისიამ სამი დამატებითი წევრის შერჩევისას იხელმძღვანელა შემდეგი კრიტერიუმებით: ევროინტეგრაციის პროცესის ცოდნა, მოტივაცია და გამოცდილება; საქართველოს რეგიონებში მუშაობის გამოცდილება; ევროპულ ორგანიზაციებთან ან/და ქსელებთან თანამშრომლობის გამოცდილება; პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება. კომისიამ პლატფორმაში გასაწევრიანებლად შეარჩია შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები: სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - მიხეილ მირზიაშვილი; აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნების და კულტურის საბჭო - მარინე მიზანდარი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი - თამარ ხუნწარია“.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ წუხილს გამოთქვამს მიღებული გადაწყვეტილების გამო და მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა დასაბუთება, თუ რომელი კრიტერიუმის გამო არ მოხდა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი გამოცდილებისა და საქმიანობის დოკუმენტის ობიექტური შეფასება, აღნიშნავს, რომ თვითმიზანს არ წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა და გააგრძლებს აქტიურ საქმიანობას ევროინტეგრაციის პროცესის საზოგადოებრივი მხარდაჭრისა და მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიმართულებით, ითანამშრომლებს ყველა ჯგუფთან, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მიმართულებას და საკითხზე ერთობლივად მოამზადებს ინიციატივებსა და წინადადებებს.