„ახალგაზრდა ადვოკატები” არასრუწლოვანის საქმეზე განმარტებას აკეთებს

27 სექტემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მედიის წარმომადგენელთა კომუნუკაციის გამო, საჭიროდ მიიჩნევს გააკეთოს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია არასრუწლოვან გიორგი კ.-ის საქმეზე ყოვლისმომცველი ადვოკატირების განხორციელების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია განმარტავს, რომ არასრუწლოვანის პრეცედენტულ დავაზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, სამოქალაქო სამართლის ადვოკატი, მარიკა არევაძე სრულფასოვან წარმომადგენლობას ახორციელებდა 2014-2015 წლის პირველი ნახევრისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა გიორგი კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად სცნო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც, არასრუწლოვანის ქონება უფლებრივად გახლდათ დატვირთული. ორგანიზაციამ აღნიშნული რთული კატეგორიის დავაზე, შეძლო გარდატეხის შეტანა, რომლის ძალითაც, არასრუწლოვანის ინტერესებისთვის, მრავალწლიან ბრძოლას სამართლებრივი პრესპექტივა გაუჩნდა. 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებამდე, ოჯახმა სასამართლოს, 7-ჯერ მიმართა, თუმცა სასამართლომ საქმე არც ერთხელ არ მიიღო წარმოებაში. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა სტრატეგია, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოხდა საქმის წარმოებაში მიღება. აღსანიშნავია, რომ თავად მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა, თავის დროზე, 2-ჯერ განაცხადა უარი დავის საქმისწარმოებაში მიღებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არასრუწლოვანის და მისი ოჯახის წინაშე მდგარი სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაჭრის/მოგვარების მიზნით, მიმართა იმ არასრული ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც გაცდა ლოკალური დავის ფარგლებს:

  1. ორგანიზაციამ უზრუნველყო არასრუწლოვანის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის სრული ინფორმირება, მათი პროცესებში ჩართვა, მიღებული შეფასებების მედიისთვის და სასამართლო ხელისუფლებისთვის გაცნობა;
  2. ორგანიზაციამ უზრუნველყო საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ინფორმირება და მათი ინტერესის მიმართვა არასრუწლვანის უფლებების დაცვისა და ოჯახის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების პროცესებში ჩართვა;
  3. ორგანიზაციამ უზრუნველყო ბავშვისა საუკეთესო ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. საქმეზე 2-ჯერ მოხდა რეკომენდაციის გაცემა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიეცა მითითება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარიყო აღსრულების პროცესის შეჩერება.
  4. ორგანიზაციამ უზრუნველყო არასრუწლოვანის ოჯახის ჩანიშნული გამოსახლების პროცესის გაჩერება;
  5. ორგანიზაციამ უზრუნველყო სასამართლო დავისა და სასამართლო სხდომების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესის შექმნა, საჯარო სივრცეში საქმის მხრადაჭერა;
  6. ორგანიზაციამ უზრუნველყო სასამართლო ხელისუფლების მიმართ დავის ირგვლივ შესაბამისი სამართლებრივი მიმართვების, განცხადებების, შუამდგომლობების მომზადება, პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელმაც შემდგომში ასახვა ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში;
  7. ორგანიზაციამ უზრუნველყო სათანადო მიმართვიანობა და კომუნიკაცია, რომლის ძალითაც, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელდა ოჯახის გაზიფიცირება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახს დახმარებას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
  8. ორგანიზაციამ, არასრუწულოვანის ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყო წერილობითი კომუნიკაცია ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან აღნიშნულ ქვეყანაში თავშესაფრის მიღების მიზნით.
  9. ორგანიზაციამ უზრუნველყო დახმარება და შესაბამისი წერილობითი კომუნიკაცია შესაბამის საჯარო სამსახურთან არასრუწლოვანის ერთ-ერთი მშობლის მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერის მიზნით.
  10. ორგანიზაციამ საქმეზე წარმომადგენლობა, რამაც მოიცვა სასამართლო და სასამართლოს მიღმა არსებული ყველა მოქმედება, განახორციელა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების გარეშე, უსასყიდლოდ, არასრუწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვით. ორგანიზაციამ თავად უზრუნველყო, ასევე შიდა და საერთაშორისო კორესპონდენციის გაგზავნისთვის საჭირო ხარჯი.

2015 წლის 4 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ. ორგანიზაციამ საქმეზე მოამზადა სააპელაციო საჩივარიც. 2015 წლის აგვისტოში, ადვოკატ მარიკა არევაძეს დაუკავშირდა არასრუწლოვანის ოჯახი და წარმომადგენლობის სხვა პირებისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ორგანიზაცია წუხილით და გაგებით შეხვდა ოჯახის გადაწყვეტილებას. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ, რომლებიც სააპელაციო ეტაპზე არსებული საქმის მიმართ ორგანიზაციის შეფასებებს  მოითხოვს, აღვნიშნავთ, რომ ამჟამად საქმეზე წარმომადგენლობას ახორციელებს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და აღნიშნული ორგანიზაციის იურისტი, ეკა ქობესაშვილი. როგორც ორგანიზაცია, ასევე საქმეზე ყოფილი ადვოკატი, მარიკა არევაძე გამოთქვამს რწმენას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო, 2015 წლის 13 ოქტომბერს, არასრულწლოვანის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 



კომენტარები