„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს

28 სექტემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჭიროა კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, განურჩევლად იმის გათვალისწინებისა, ვინ არის დავის მხარე - რიგითი მოქალაქე თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარე გიორგი პაპუაშვილი, რომლის ცალკეული მოქმედებები, ღიად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ორგანიზაცია პროკურატურისგან მოქალაქე როლანდ ბლადაძის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, რომლის ჩამორთმეულ სახლში, ქალაქ ბათუმში, ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეებზე უნდა არსებობდეს პოლიტიკური და სამართლებრივი ნება, რათა პროკურატურას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილებები და აღადგინოს მოქალაქის კანონიერი უფლებები. სხვა შემთხვევაში, აზრს კარგავს ის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებას და უფლებადაცვით სფეროს წარმომადგენლებს, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პროკურატურის მიმართ გააჩნდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართ გაგზვანილ წერილში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო უწყებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გორგილაძის ქუჩა, #37, ბინა #8, ფართი: 277.91 კვ.მ,  საკ/კოდი # 05.23.17.008.01.008 როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმევის მართლზომიერებისა და კანონიერების დადგენის მიმართულებით და აჭარის ა/რ პროკურატურამ დააჩქაროს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მისაკუთრების კანონიერებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის: პროკურატურის 2015 წლის 11 თებერვლის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი პაპუაშვილის ქმედების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის ნიშნებით. საქმის მასალების მხიედვით, გიორგი პაპუაშვილმა, 2010 წელს, როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი მიისაკუთრა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ სახლთან ერთად არის ჩამორთმეული. გიოორგი პაპუაშვილმა, 2012 წელს, აღნიშნული ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, კომპენსაციის სახით მოითხოვა და მიიღო 3565 ლარი, რასაც ადასტურებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის ივნისის თვეში მომზადებული წერილი, რომლის გამოქვეყნებასაც, ადვოკატები უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის ოქტომბერში, საზოგადოებას კვლევა წარუდგინეს, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქმეზე კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებები გრძელდება, თუმცა დღემდე უშედეგოდ.



კომენტარები