„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ქალების ადვოკატირების პროექტი დაიწყო

2 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში ქალთა იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს. პროექტ: ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“ მიზანია დაზარალებული ოჯახის ქალებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მათი ინფორმირებულობა მიღებული თუ მისაღები კომპენსაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის წარმართვის დადგენა გენდერის თვალსაზრისით და აღნიშნულ პროცესში არსებული პრობლემური მხარეებისა და ტენდენციების ანალიზი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, პროექტის დირექტორის, ნინო ვალიკოვის განცხადებით, პროექტის განხორციელებით არსებობს მოლოდინი, რომ მკაფიოდ იქნება შეფასებული კრიზისული მართვის პროცესში გენდერის როლი და ქალების უშუალო მონაწილეობის, მათი უფლებების რეალიზების ხარისხი. დღემდე არ ჩატარებულა საფუძვლიანი შესწავლა სტიქიით დაზარალებულთა სამართლებრივ საჭიროებებისა და პრობლემების დასადგენად. პროექტი საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რეალურად მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება, რომლის წინაშეც  დაზარალებული ოჯახები აღმოჩნდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არაპროფესიული წარმომადგენლობის ან წარმომადგენლობის არქონის გამო, არც ერთი ქალი არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, არ გართულდეს მათთვის სახელმწიფოსაგან კომპენსაციის სამართლიანად მიღების პროცესები და ქალებმა მიიღონ კომპენსაციის განკარგვის თანაბარი უფლებაც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პროექტის თანახმად, შეიქმნება დაინტერესებულ ქალთა ჯგუფი, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა შორის გაავრცელებს ინფორმაციას უფასო იურიდიული წარმომადგენლობის შესახებ და შეაგროვებს ინფორმაციას იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც ესაწიროებათ იურიდიული დახმარება. ბენეფიციართა იდენტიფიცირების შემდეგ პროექტის იურისტები უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ საჭიროების მქონე ქალბატონების სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაციის იურისტები ადგილზე შეხვდებიან ბენეფიციარებთან და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალებს გაუწევენ კონსულტაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა, სახელმწიფოს მიერ კომპენსაციისა და ანაზღაურების საკითხი, საკუთრების განკარგვის პროცედურები და სხვა. მოხდება ანკეტური გამოკითხვა, შედეგების ანალიზის შემდგომ კი გამოიცემა სპეციალური ანგარიში. მომზადდება რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში, მოხდება სამოქალაქო კამპანიის წარმოებაც, რათა ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ხელმისწავდომი აღმოჩნდეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობისათვის. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ფონდის პროგრამის: „ქალები თბილისის დასახმარებლად“ ფარგლებში და დასრულდება 2015 წლის ბოლოს. პროექტის განმახორციელებელი გუნდია: ნინო ვალიკოვი, მარიკა არევაძე, სალომე გოგლიძე და ცაბო გუგუნაშვილი.



კომენტარები