ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ღია წერილით მიმართავს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ორგანიზაციის მიერ საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ წერილში გამოთქმულია მოლოდინი, რომ კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის პროცესში, დიპლომატიური კორპუსის შეფასებები იქნება არა პიროვნებების თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, არამედ საქმეში არსებული იურიდიული მტკიცებულებების საფუძველზე. „მნიშვნელოვანია, აშშ-ის ელჩი საქართველოში ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარე, გიორგი პაპუაშვილთან სადაოდ არსებულ ქონებასთან მიმართებით. ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია როლანდ ბლადაძის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე. ამასთან, ელჩის მიმართ გაცნობილ იქნა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ევროპული ინსტიტუტების დამოკიდებულებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტის შეფასებასთან, როდესაც ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და ვენეციის კომისია, თავიანთ წერილებში მიუთითებენ, რომ როდესაც რესტიტუცია შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ბატონი იან კელის მიმართ წერილში ყურადღება გამახვილდა საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების თაობაზეც. ასევე, უშუალოდ გავაცანით ბატონი როლანდ ბლადაძის სურვილი, უშუალოდ შეხვდეს აშშ ელჩს და გაუზიაროს ქონების წართმევის შესახებ კონკრეტული გარემოებები“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი სახელმწიფოსთან ამისამართებს ყველა კითხვას, რომელიც ამჟამად ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ოჯახს და ადვოკატებს გააჩნიათ, რაც ემსაუხრება ფაქტების გაყალბებას და საქმეზე არაობიექტურ შეხედულებებს. საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. 2013 წლის 12 აპრილს, აჭარის პროკურატურის დადგენილებით, როლანდ ბლადაძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რითაც გაჩდა შესაძლებლობა წართმეული ქონების დაბრუნებისთვის. მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბერში „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქონებაჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტზე კვლევა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ მოამზადა და მონიტორინგმა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურებაც მიიღო, სასამართლოს თავმჯდომარე პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2015 წლის 16 მარტს, ორგანიზაციამ ცნობილი გახადა აჭარის ა/რ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის ქმედებების მიმართ სისხლის სამართლებრივი მოქმედებების მიმდინარეობა როლანდ ბლადაძის საქმის ერთი ეპიზოდის - ავტოფარეხის მითვისებასთან დაკავშირებით, გიორგი პაპუაშვილმა სადაო ქონების მეუღლის დის ყოფილი ქმრის, გიორგი ლევიძის მიმართ გასხვისების გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო, რომელიც ადვოკატების მოქმედებით, ამჟამად შეჩერებულია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვას გააგრძელებს და საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ სხვა მტკიცებულებებს. ამჟამად სადაო ქონების საქმეს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. ორგანიზაცია საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ გიორგი პაპუაშვილს შეიძლება გააჩნდეს სხვა, კანონით დადგენილი ფორმით შეძენილი ქონება, მაგრამ მათ შორის მხოლოდ სადავო და უკანონო მფლობელობაში მხოლოდ ერთი - როლანდ ბლადაძის ერთადერთი საცხოვრებელია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აშშ-ის ელჩს საქართველოში საქმეზე მომზადებული კვლევაც: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ გაუგზავნეს.