„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებებს გაეცნო

6 ოქტომბერი, 2015

2015 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს და მასთან თანდართულ დოკუმენტებს გაეცნენ. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძირითად ფინანსურ დოკუმენტზე მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვამდე, კომიტეტთან გამართულ პირველად შეხვედრებზე, სამოქალაქო სექტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტში უკვე ასახულია, რაც მათი მხრიდან დადებითად შეფასდა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასაბუთებული შენიშვნები იქნა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, კომიტეტთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფებმა თემატურ მიმართულებებზე თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები დროულად უნდა წარუდგინონ კომიტეტს, რათა მას ბიუჯეტის საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობა გაუადვილდეს. როგორც შეხვედრაზე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, „ახალგარზდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, საბჭოს წევრები აქტიურ მონაიწლეობას მიიღებენ დაგეგმილ განხილვებში. მათ უკვე მიეწოდათ ბიუჯეტის პროექტი და მიმდინარეობს მუშაობა სარეკომენდაციო წინადადებებზე.



კომენტარები