„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიწის კოდექსის შექმნის წინადადებას მიესალმებიან

7 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 2015 წლის 7 ოქტომბერს გამართულ კონფერენციას: „სახელმწიფო - მიწა - ფერმერი“ დაესწრო. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის გახლდათ სოფლის მეურნეობასა და მიწათსარგებლობაში არსებული მდგომარეობა, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პრობლემები, ფერმერის, ფერმერული მეურნეობის და სოფლის მეურნეობაში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის საკითხები და სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების (მიწის) გადასახადი თემა.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების (მიწის) გადასახადის შეფასების დროს, სულ უფრო მეტად ისმის მსჯელობა, რომ გადასახადი დისკრიმინაციულია. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში". აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს ევალება სახნავი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის სახით გადაიხადოს 86 ლარი, ეს მაშინ, როცა კანონში შესულ ცვლილებამდე, პირი იხდიდა 22 ლარს და დაახლოებით 400% გადასახადის გაზრდა მოხდა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახნავი მიწის ყოველგვარი ხარისხისა და კატეგორიის გათვალისწინების გარეშე. მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელს, ევალება ერთ ჰექტარ სათიბ მიწის ნაკვეთზე გადაიხადოს 20 ლარი, ხოლო საძოვრებზე - 16 ლარი. ეს მაშინ, როცა დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის მესაკუთრე სათიბი მიწის ნაკვეთისათვის ერთ ჰექტარში იხდის 20 ლარს, ხოლო საძოვარში - 7 ლარს, ახმეტის მუნიციპალიტეტში კი სათიბისთვის 16 ლარს, ხოლო საძოვრისთვის 5 ლარს. შესაბამისად, საჭიროა მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, ამ მიმართულებით დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაგრძელდეს. არჩილ კაიკაციშვილი განცხადებით, მხარდაჭერას იმსახურებს გამოთქმული წინადადება მიწის კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, დავების ალტერნატიული საბჭოსა და მედიაციის ინსტიტუტის გამოყენების პრაქტიკის გაღრმავება სახელმწიფო უწყებებში. არჩილ კაიკაციშვილმა, ამ მიმართულებით, ორგანიზაციის ჩართულობასა და საკანონმდებლო ლობირების მზადყოფნაზეც ისაუბრა.

კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა. ღონისძიების ორგანიზება მოხდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.



კომენტარები