მიმართვა ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებების შეფასებაზე

9 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა კოლეგიის მოქმედებების მართლზომიერების შეფასებისთვის ოფიციალური წერილით მიმართავს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სალომე გოგლიძის განცხადებით, საზოგადოება მოულოდნელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა, გვერდი აუარეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონს, რომლის 43-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი“. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 8 მოსამართლის ხელმოწერით, რაც ნიშნავს, რომ სახეზეა კანონით დადგენილი წესით დაუცველი გადაწყვეტილების მიღება.

სალომე გოგლიძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ლეგიტიმურობის შესახებ კითხვებს აჩენს. გადაწყვეტილების ასეთი ფორმით გამოტანას ანალოგი არ აქვს არც ერთ ქვეყანაში. სახეზეა ორგანული კანონით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა რადგანაც არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისთვის,  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეფასებები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუციისგან - ვენციის კომისიისგან მოისმინოს, რომელის უფლებამოსილებაცაა საკონსტიტუციო სასამართლოების მუშაობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვა.

ორგანიზაციის მიერ ვენეციის კომისიის მიმართ გაგზავნილ წერილში, დასმულია კითხვები, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და სხვა მოსამართლეების მხრიდან მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ დამოკიდებულებასა და გადაწყვეტილების გამოქვეყნების ფორმას ეხება. კერძოდ, რამდენად დაიცვა კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც გადაწყვეტილება გამოაქვეყნა კანონით დადგენილი 9 მოსამართლის ნაცვლად, 8 მოსამართლის ხემოწერით, რა შეფასებები უნდა მიეცეს გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ დამოკიდებულებას, როდესაც არსებობდა მოთხოვნა, სასამართლო გადაწყვეტილების პროექტის გაცნობამდე, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებისთვის, უნდა მოეხდინა თუ არა სასამართლოს მოსამართლისთვის გონივრული ვადის შეთავაზება გადაწყვეტილების გაცნობისა და გადაწყვეტილებაზე ალტერნატიული მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული ხედვის წარმოდგენისთვის, რამდენად მართლოზომიერი და კოლეგიალური პრინციპების დაცვას ემსახურებოდა სასამართლოს მოქმედებები, ხედავს თუ არა ვენეციის კომისია განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური ინტერესების სიჭარბეს და ჰქონია თუ არა სხვა ქვეყნებში ანალოგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების ფორმას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისია გაითვალისწინებს საკითხის მიმართ საჯარო ინტერესს და წერილზე გამოხმაურება მომზადდება. 



კომენტარები