„ახალაზრდა ადვოკატები“, ლისის ტბის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით, სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს

15 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“, ლისის ტბის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით, სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფომ მაშინდელი ფინანსური პოლიციის მეშვეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ტოტალური ზეწოლა განახორციელა და ქონება მას ღამის საათებში დაათმობინეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის საჯაროვდება დოკუმენტი-განცხადება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, 2006 წლის 4 ნოემბერს დააწერინეს, რითაც, როგორც ქონება, ასევე ბიზნესი წაართვეს. ბიზნესმენს განცხადება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე დააწერინეს. განცხადებაზე რეგისტრირებულია მისი თვითმმართველობის ორგანოში ოფიციალური რეგისტრაციის ნომერიც და თარიღიც. დოკუმენტი მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში, რამაზ ახლედიანის განცხადება რეგისტრირებულია განცხადებაზე ხელმოწერიდან მეოთხე დღეს - 8 ნოემბერს. არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი პირველი საჯარო დადასტურებაა, თუ როგორ ხდებოდა ქონების დათმობაზე მესაკუთრეთა განცხადებების მომზადება. მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული დოკუმენტი, მრავალთვიანი კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიზნესმენმა რამაზ ახლედიანმა განაცახდა, 2006 წლის 4 ნოემბერს, ის დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო. შესაბამისად, როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, რამაზ ახვლედიანის საქმეში ღია და აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. რამაზ ახლედიანმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ლისის ტბის განვითარებისთვის, ფლობდა და უძღვებოდა ბიზნესს, შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ყველა ნაკისი ვალდებულება, სახელმწიფო ზეწოლის შედეგად, პირადი და ახლობლების თავისუფლების შენარჩუნების ხარჯზე, უარი თქვა საკუთრებაზეც და ბიზნესზეც. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საკუთრების დათმობას ხელი შეუწყეს იმ ბიზნეს-პარტნიორებმაც, რომლთა მოქმედებებშიც სახელმწიფოსთან ფარული გარიგებები იკვეთება. ამჟამად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ რამაზ ახლედიანის საქმეზე მონიტორინგის შედეგებს 2015 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს. 



კომენტარები