2015 წლის 16 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადისკუსიო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სასამართლოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალ სტანდარტებზე, საქმეთა ნაკადის მართვის, მოსამართლეთა დატვირთულობის ზრდისა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.
სასამართლოს თავმჯდომარემ და მენეჯერმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, რაც გულისხმობს სამომავლოდ რეკომენდაციების შემუშავებას საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალი სტანდარტების შემუშავებაში.
შეხვედრას თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, მარიკა არევაძე დაესწრნენ.