ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინული მედია-საშუალებით გავრცელებულ სამალავებში აღმოჩენილ წამების და არადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელებას ეხმაურება და 2003-2012 წლებში დანაშაულის ჩამდენ პირთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმაზე საუბრობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლის 17 ოქტომბერს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს წინა ხელისუფლების მმართველობის ფორმებს და ხაზს უსმევს ქვეყანაში არსებული სისტემური დანაშაულებების არსებობას. ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ იმ გარემოებას, რომ თუკი არ იქნება სისტემური დანაშაულებები სათანადოდ გამოძიებული, არ იარსებებს მაღალი სამართლებრივი მტკიცების ტვირთი 2003–2012 წლების მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე, რომელიც სახელმწიფოს, მმართველობის წესის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, სამეწარმეო, ეკონომიკური საქმიანობისა თუ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ეხება, სამართლიანობის აღდგენის საზოგადოებრივი განცდა ნაკლებად იარსებებს. შესაბამისად, ორგანიზაცია კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში, ხელისუფლებას საზოგადოებრივი მოლოდინების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღგენა, ქვეყანაში შეუქცევადი და ხელშესახები შედეგი უნდა გახდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებმა სწორი აქცენტები დასვას, რომელიც საფუძვლიანად შეაფასებდა წინა ხელისუფლების დროს დანაშაულის სიმძიმეს. არსამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეხმარნონ საზოგადოებას, რათა სწორი ინფორმაციის გადაცემით, არ მოხდეს შერჩევითი მსჯელობა გავრცელებულ კადრებში პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა იმაზე, ვინ გაავრცელა კადრები, არამედ კადრებში ასახულ სისატიკეზე. საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობამ სწორი დასკვნები გააკეთოს ქვეყნის დღვანდელი ამოცანების წინაშე. წამება, არაადამიანური მოპყრობა, მასობრივი ტერორი, აღარ არის არც ხელისუფლების და არც საზოგადოების დღის წესრიგი. საქართველოს ღირსეული ადგილი არის ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესსა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. შესაბამისად, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო მოქმედებები დაჩქარდეს, ხოლო ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე იფიქროს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოდის წინადადებით და საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, კანონმდებლობაში გაჩნდეს „სისტემური დანაშაულის“ რეგულაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი. ორგანიზაცია საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირებას აუცილებლად მიიჩნევს.
ბუნებრივია, სისტემური დანაშაულის ცნების განსაზღვრისთვის, პარლამენტს გააჩნია კონკრეტული საფუძვლებიც - 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ თავისუფლებაღკვეთილი მოქალაქეების არსებობა დაადასტურა, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მოსამართლეები, ყველანი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. იქედან გამომდინარე, რომ არსებობს მოლოდინი, მომავალში საზოგადოებამ კვლავ იხილოს წამების და არადამიანური მოპყრობის კადრები, არ ჩანს სისტემური დანაშაულებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების აქტი. შესაბამისად, საკითხის მხოლოდ მორალურ-ეთიკურ კონტექსტში განხილვა, მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს.