2015 წლის 19 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თემაზე: „დისკრიმინაციის ნიშნები უვადო მსჯავრდებულთა მიმართ და მის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა ამნისტიის კანონში“, გამართულ კონფერენციას დაესწრო. შეხვედრაზე განხილულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვილებების პროექტი. შეხვედრა საინიციაივო ჯგუფის სახელით, უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძის ორგანიზებითა და უვადო მსჯავრდებულ გიორგი გელაძის სახელით გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, სახელმწიფოს არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, უვადო პატიმართა საქმეების გადახედვის მიმართულებით, თუმცა უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეების სამართლებრივი პერსპექტივები სამართლიანობის აღდგენის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მისივე თქმით, ორგანიზაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა კვლევა, რამაც აჩვენა, რომ 2007 წლამდე, საქართველოში მხოლოდ 25 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი იხდიდა სასჯელს, 2015 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი, მათი რიცხვი 81-მდე გაიზარდა. უვადო პატიმრობის რიცხოვნობის გაზრდა პირდაპირ პროპორციული აღმოჩნდა 2003-2012 წლების ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამო. 2012 წლამდე, სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხმა და საპროკურორო ძალაუფლების მართლმსაჯულებაზე პირდაპირმა გავლენამ, შედეგად მოიტანა, მათ შორის უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების საქმეებზე არაეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და არაობიექტური განაჩენები, პარლამენტმა, 2012 წლის 28 დეკემბერს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი, ცალსახად აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მართალია, სახელმწიფომ გადადგა ჰუმანური ნაბიჯი და 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონით 2003-12 წლების ხელისუფლების მმართველობის პოლიტიკური რეჟიმის მხარე შეაფასა, მაგრამ კანონში გაჩენილმა ხარვეზმა, შეუძლებელი გახადა სამართლიანობის აღდგენა უვადო პატიმართა საქმეებზე. სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპი უნდა გავრცელებულიყო უვადო თავისუფლება აღკვეთილებზეც, მაგრამ რაკი ამნისტიის კანონში კონკრეტულად არ იქნა გაწერილი, თუ როგორ მომხდარიყო აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია, სასჯელის საბოლოო ზომა (უვადო) დარჩა უცვლელად. ორგანიზაციის მიერ შესწავლილ უვადო პატიმართა საერთო განცხადებაშიც, სამი ტიპის მოთხოვნაა და ვხედავთ, რომ მათი საქმეების პროცესში, ადგილი აქვს ა) არასწორ კვალიფიკაციას, ბ) არაადეკვატურ სასჯელსა და გ) პატიმრები თავს უდანაშაულოდ თვლიან. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუკი უვადო პატიმრების შეწყალების მარეგულირებელ აქტში წერია, რომ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის განხილვის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელის 25 წელს მოიხდის, საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, დადგენილი წესების დაუცველად, მიიღოს პირის შეწყალების გადაწყვეტილება. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ევროპული კომისიების მიდგომებსა და შესწავლილი შვიდი ქვეყნის მაგალითზეც და აღნიშნავს, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველომ დაიცვას საერთო დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ა) არ შეიძლება პიროვნების იძულება, სიცოცხლე ციხეში დაასრულოს, ბ) არც ერთი კატეგორიის პატიმარს არ უნდა მიენიჭოს იარლიყი - „მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს“, გ) უარი გათავისუფლების თაობაზე არასოდეს არ უნდა იყოს საბოლოო და დ) პირობით გათავისუფლების შემდგომ კვლავ ციხეში დაბრუნებულ პატიმრებსაც კი არ უნდა წაერთვათ გათავისუფლების იმედი.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ანალიტიკოსის, სალომე გოგლიძის მოსაზრებით, საზოგადოების ყურადღება უნდა დაეთმოს გივი დუმბაძის საქმესაც, რომლის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-12 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება გადახედვას, რომელიც დღემდე არ მომხდარა და საქმის მასალები საჭიროებს სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან გამოძიების მეშვეობით, დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2014 წლის თებერვალში, გივი დუმბაძის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნდა და სწრაფი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც აღინიშნა, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. მისი დაკავების და დანაშაულში ბრალდების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა ახლო ნათესავის, გარდაცვლილი გენერალის, რომან დუმბაძის მიმართ თვალთვალისა და შემდგომ ლიკვიდაციის დავალების შესრულება, რაზედაც, გივი დუმბაძემ თავიდანვე უარი განაცხადა.
როგორც შეხვედრაზე არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების პროცესში.