„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ვაკისა და საბურთალოს გამგეობებთან შეხვედრები გამართა

24 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ვაკისა და საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგეობებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც გაცნობილ იქნა ორგანიზაციის მიმდინარე პროექტი: ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ სახელმწიფო მხარდაჭერისა და ზარალის ანაზღაურების საკითხებს. ასევე, გამგეობის წარმომადგენლებმა ,,ახალგაზრდა ადვოკატებს“  დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს დაზარალებული ოჯახებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ.

პროექტის მიზანია დაზარალებული ოჯახის ქალებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მათი ინფორმირებულობა მიღებული თუ მისაღები კომპენსაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის წარმართვის დადგენა გენდერის თვალსაზრისით და აღნიშნულ პროცესში არსებული პრობლემური მხარეებისა და ტენდენციების ანალიზი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.



კომენტარები