ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამართლის სპეციალისტების, მედია-სფეროს ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების სადისკუსიო შეხვედრაზე, რომელიც ,,რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე საზოგადოებრივ მოვლენების შეფასებას დაეთმო, ვითარების ობიექტურად შეფასებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, უფლებადამცველების მხრიდან ცალკეული წინადადებები გამოითქვა. შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, რეალური ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, პროცესი მთლიანად პოლიტიზირებულია და საკუთრების შესახებ დავა წარმოჩენილია მედია-თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტით. ორგანიზაციები ღია წერილით მიმართავენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა მომზადდეს მიმდინარე გადაცემათა ფორმატში, სპეციალური ღია ეთერი, სადაც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის მფლობელთა კანონიერი ინტერესების დამცველები, საზოგადოებას დოკუმენტურად დაუსაბუთებენ მათი მოთხოვნებისა და პოზიციების სამართლიანობას. ამასთან, ორგანიზაციები საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთოს განმარტებები, თუ რატომ არ ხდება არხის მხრიდან მიმდინარე სასამართლო სხდომების ჩაწერა, რატომ მოხდა აღნიშნული უფლების დათმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მხოლოდ „რუსთავი 2“-ის მიმართ, როდესაც საქმეზე არსებობს საჯარო ინტერესი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, კანონით მიხედვით, უზრუნველყოს სხდომის ჩაწერა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე საკუთარი პოზიცია გამოთქვეს საინფორმაციო-საშუალებების გაშუქების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც და აღნიშნეს, რომ ყველა ტელეკომპანიას ოფიციალური წერილით მიემართება, რათა საქმეზე გაშუქების დროს, დაცული იქნეს ჟურნალისტური სტანდარტი, არ მოხდეს მოვლენების მაყურებლისთვის ცალმხრივად მიწოდება და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებების წარმოჩენა, როგორც მთლიანი სამოქლაქო სექტორის პოზიციად. სპეციალისტების აზრით, ასეთი მიდგომები, პირდაპირ ლახავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიისთვის არსებობს მოქმედების ორმაგი სტანდარტები, მაგალითადაც აღნიშნულ შეხვედრაზე, მათი მხრიდან გამოუცხადებლობა დასახელდა. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოდის ინიციატივით, სასამართლო დავის მხარეთა პოზიციების საზოგადოებამდე მიტანაში, განსაკუთრებული როლი იკისროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, რათა ღია შეხვედრებმა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მხოლოდ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებით, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია და მოხდეს საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სწორი შეფასება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამოქალაქო სექტორთან სადისკუსიო მაგიდაზე დავის მონაწილე მხარის ადვოკატებიც მოიწვიეს. შეხვედრას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაესწრო, ტელეკომპანიის ინტერესების დამცველებმა კი, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. ტელეკომპანიის იურისტებმა შეხვედრაზე მონაწილეობისაგან თავშეკავების მიზეზად საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა და თავისუფალი დროის უქონლობა დაასახელეს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ადვოკატს, პაატა სალიამ უფლებამდაცველების შეკითხვებს უპასუხა და სასარჩელო მოთხოვნების სამართლიანობის იურიდიული მხარეები განმარტა. შეკრებილმა ორგანიზაციებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დავის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობაზე. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის უცნობი და ახალი ინფორმაცია გახლდათ ის ცალკეული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მხარეთა შორის სასამართლო განხილვის სტადიებზე არსებობს. შესაბამისად, ორგანიზაციებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გატანას და გავრცელებას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დესტრუქციული გარემოს შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან, პოლიტიკურ პროცესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და არსებული სამართლებრივი საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადაჭრას. მისივე თქმით, მოსახლეობას მრავალი წელია, ერთ ხმაში, ერთი და იგივე ადამიანები ესაუბრებიან. საინფორმაციო ველი კი შეზღუდულია ალტერნატიული კითხვების დასმისგან, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მიცემდა საკუთარი მყარი პოზიციები ჰქონოდათ მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებზე. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებული საჯარო ინტერესი გულისხმობს საჭირო პასუხებს არსებულ კითხვებზეც, თუ ვის ეკუთვნის ტელეკომპანია, დათმო თუ დაათმობინეს სადაო წილები არხის ყოფილ მფლობელებს, რა მტკიცებულებებია საქმეში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ, რამდენად გამართულია მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები, რამდენად დაცულია მხარეთა შეჯიბრითობა თუ მტკიცებულებათა სასამართლო სხდომაზე წარდგენის ვადები. „მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის საინტერესო ახლა მხოლოდ ეს არის, რაზედაც მიზანმიმართულად საუბარი არ მიმდინარეობს“ - განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეხვედრაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდნეტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ერთობლივი განცხადებაც მიიღეს, სადაც შექმნილი ვითარების საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო შეფასდა.