პრეზიდენტი სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა და შეხვედრას დათანხმდა

28 ოქტომბერი, 2015

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 29 ოქტომბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტმა შეხვედრაზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა, რომლებმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, 2015 წლის 25 ოქტომბერს,  „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ შეხვედრაზე, ასეთი დიალოგის საჭიროებას დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პრეზიდენტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებსაც, პრეზიდენტთან წინა შეხვედრების დროს, მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დესტრუქციული გარემოს შესაცვლელად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან, პოლიტიკურ პროცესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და არსებული სამართლებრივი საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადაჭრას. მოცემულ პროცესში, მხარდაჭერას იმსახურებს პრეზიდენტის ინიციატივა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკურ და აპოლიტიკურ გაერთიანებებს, დიალოგის პროცესში მოხდეს მოსაზრებებისა და შეხედულებების დაახლოვება, რათა დაცული იქნეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე ქვეყანაში - სამოქალაქო მშვიდობა“ - აღინიშნა ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას 27 ოქტომბერს გადაეცა.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.



კომენტარები