„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულის ჩადენის გეგმა, ნიკა გვარამია უნდა გადადგეს

30 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” უკრაინული გამოცემის მხრიდან 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება და მიუთითებს, რომ საჯაროდ გამხდარი საუბრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს წარმოადგენს.

„ახალგარზდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საუბრის მონაწილე პირების მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისა და აღსრულების პროცესის დაწყების შემთხვევაში, მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება, დანაშაულის პროვოკაცია და ძალადობის მიზანმიმართული დაშვება, სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. სატელეფონო საუბრებში ისმის შემდეგი დავალებები და ფრაზები: „იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, აუცილებლად", „უნდა იყოს ცხვირპირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ”, „გვარამიამ ციხესიმაგრე უნდა ააშენოს თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ პროსტო სროლის გარეშე ვერ შევიდნენ“, „ახლა საჭიროა ახალი ფიზიკური დაპირისპირება თუ ეგ არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი”, პირდაპირ მოწმობს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მომზადების ფაქტს, რასაც სჭირდება დაუყოვნებლივი გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს, რამდენად უდევს საფუძვლად გასაჯაროებული საუბრები, როგორც მტკიცებულება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. მისივე თქმით, კანონით, შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შექმნილ ვითარებაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი რეპუტაციის გადარჩენის, ჟურნალისტების თავისუფალი საქმიანობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამოდინარე, ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. სატელეფონო საუბრებმა აჩვენა, რომ „რუსთავი 2“ ცალსახად არ არის თავისუფალი ტელევიზია, ხოლო მისი საინფორმაციო პოლიტიკა - უკიდურესად მიკერძოებული, რაც ლახავს არხზე მომუშავე თითოეული ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო არ ხდება დავი ერთი მხარისთვის, პროცესის კანონის მიღმა წარმართვა და შესაძლო არეულობა კი, მხოლოდ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელეწიფება. ამასთან, გავრცელებული საუბრები ტოვებს ღია შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური მოვლენები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის, უკრაინის ხელოსუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ოდესის გუბერნატორის გადაწყვეტილებების საფუძველზე ვითარდება, რაც მეზობელ სახელმწიფოსთან ქმნის მნიშვნელოვან გართულებებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპროტესტო ნოტის მომზადების საფუძვლებს.



კომენტარები