ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტით დაინტერესება სთხოვეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, პრეზიდენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე და ხაზი გაუსვა პრეზიდენტის პირად როლსა და ფუნქციას სამართლიანობის აღდგენის პროცესში.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ განსაკუთრებული როლი გაქვთ, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის პროცესში. თქვენს შეხედულებებსა და პოზიციას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ერთ საკითხზე, თუ როგორ ახერხებდა წინა ხელისუფლება მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევას. ჩვენმა ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, წარმოადგინა მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც, 2004-2012 წლებში, მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების გადაცემის რაოდენობა გახლდათ 5634. მე მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუნდაც ერთი მოქალაქის დაკარგული უფლების აღდგენაში. მე წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილს, სადაც ჩვენს მოთხოვნაზე, პრეზიდენტს გაეუქმებინა წინა პრეზიდენტის განკარგულება, მივიღეთ უარი. საქმე გაცილებით რთულადაა, რადგანაც თქვენთვის ალბათ უცნობია ფაქტი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი დღეს ცხოვრობს ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში. ჩვენ ვითხოვდით იმ განკარგულების გაუქმებას, რომლითაც თქვენმა წინამორბედმა, როლანდ ბლადაძის ქონება გიორგი პაპუაშვილს, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად დაუთმო. დღეს ეს ადამიანი პროკურატურის მხრიდან გამართლდა ყველა იმ ბრალდებაში, რომლის გამოც, თავის დროზე, ქონება ჩამოართვეს, თუმცა ახლა საქმის დეტალებში, ბუნებრივია, არ შევალ. ეს არ არის ჩვენი შეხვედრის თემა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, მიმაჩნია, რომ თქვენი როლი არის განსაკუთრებული და თქვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს შესაბამისი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკითხის მოსმენის შემდეგ გაკვირვება გამოთქვა და მიუთითა, რომ მისთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო. არჩილ კაიკაციშვილს შეხვედრაზევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტს წინამორბედი პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების გაუქმების უფლებამოსილება არ გააჩნია. კახა კოჟორიძის საპასუხოდ, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა სამართლებრივი მექანიზმები, რითაც საკითხის გადაჭრას, შესაბამისი ნების პირობებში, პრობლემა არ ექნებოდა.