არჩილ კაიკაციშვილი - ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტს, რომ სასამართლოს მიმართ განცხადება, შეცდომა იყო

30 ოქტომბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 2015 წლის 29 ოქტომბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ არსებულ სამართლებრივ დავაზე, მედიის თავისუფლებისა და სისტემური დანაშაულებების საკითხებს დაუთმო. როგორც არჩილ კაიკაციშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტის შეხედულებებსა და პოზიციას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. მკაფიო პოზიციები შეიძლება გახდეს პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც საზოგადოება ქმნის დემოკრატიულ პროცესს, ამ პროცესში კი, პოლიტიკოსებს შესაბამისი პასუხისმგებლობა და როლი აკისრიათ. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სწორედ პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ჭრილში უნდა დავინახოთ. არჩილ კაიკაციშვილმა ამ კონტექსტში ყურადღება დაუთმო პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხმილველ მოსამართლეს მიენიშნა, რომ არ მიეღო ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება. არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებამ, ცალკეულმა გამონათქვამებმა, არსებული პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო მეტად დაძაბა, რითაც მიუღწეველი დარჩა პრეზიდენტის სურვილი, განმუხტულიყო დაპირისპირებული გარემო. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავდა, რაც გახლდათ დაუშვებელი, ხოლო პრეზიდენტის განცხადება - შეცდომა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია, სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება არავითარი საფრთხე, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა და სინამდვილე, საზოგადოებისთვის უცნობია. მისივე თქმით, მათ შორის პრეზიდენტი არ უნდა გაურბოდეს ზუსტ შეფასებებს, როდესაც ქონებრივი დავა წარმოჩენილია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად. „თუკი წინა ხელისუფლების დროს, არსებობს ქონების წართმევის ფაქტი და დღეს არსებობს დავა, საკითხები უნდა გადაწყვიტოს მიუკერძოებელმა და თავისუფალმა სასამართლომ. დაუშვებელია, ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ სვლა, ეს არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების ცხოვრების დღის წესრიგს. ჩვენს თვალწინ წარმოუდგენელი რამ ხდება - უცხო ქვეყნის მოქალაქე, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ტელეკომპანიის მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას ავლენს, რომ რჩება შთაბეჭდილება, „რუსთავი 2“ სწორედ მისი საკუთრებაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლეზე და დაუშვებელია, ამ საკითხების ცალმხრივად შეფასება. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებები უნდა დასრულდეს“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებებს, რაზედაც საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიციები უნდა გამოთქვას. არჩილ კაიკაციშვილმა ჰკითხა პრეზიდენტს, იზიარებდა თუ არა შეხედულებას, რომ საჯაროდ გამხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების შედეგად, ქვეყანაში ყალიბდებოდა ე.წ. „ქართული ფაშიზმი“. რატომ არ არსებობდა პრეზიდენტის მკაფიო პოზიციები აღნიშნული მოვლენის შეფასებისთვის და რას ფიქრობდა პრეზიდენტი, საზოგადოებას გააჩნდა თუ არა უფლება, წინა ხელისუფლების პირობებში გადაღებული ვიდეო-ფირები ეხილა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის შეფასებით, პრეზიდენტთან შედგა საქმიანი და კრიტიკული შეხვედრა, პრეზიდენტმა მოისმინა ის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, პრეზიდენტმა ასეთი დიალოგის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვა და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ როლს ქვეყანაში. 



კომენტარები