ილიას უნივერსიტეტში, ჩვენ ვნახეთ პროვოკაცია „შარლი ებდოს“ ქართული ვარიანტით

3 ნოემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 30 ოქტომბერს გამოფენილ ნახატს, სადაც ღვთისმშობელი თვითმკვლელ მდგომარეობაშია გამოსახული, პროვოკაციად აფასებს , რომელიც მართმადიდებელ საზოგადოებაში აგრესიის გასაღვიძებლად და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტის შესუსტებას ემსახურებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ლაშა ციბაძის განცხადებით, მართალია, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, თუმცა ევროკონვენციის რიგი დებულებების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა, ამავე დროს, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, საჭიროა სიფრთხილით განვიხილოთ ყველა ის მოქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოების საერთო ეთნო-ფსიქოლოგიური განწყობების შესაცვლელად. როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს მართლამდიდებელ ქრისტიანს,  მართლმადიდებლური აღმსარებლობა გაიგივებულია საერთო ეროვნულ ცნობიერებასთან, რწმენა დაფუძნებულია რელიგიური მოვლენებსა და ბიბლიური მოღვაწეების ცხოვრებასთან, ,,გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებშიც კი ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება. რათა, გამოხატვის თავისუფლების უფლება არ  გახდეს აგრესიული იარაღი, რომელიც არ ემსახურება ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას და რელიგიური გრძონების პატივისცემასა და დაცვას.

ორგანიზაცია პატივს სცემს მოქალაქის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით, შესაძლებელია მისი შეზღუდვა. ლაშა ციბაძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას ისე, როგორც სურს, მათ შორის ფერწერული სახითაც. აღნიშნული ნახატის შემსრულებელსაც შეეძლო დაეხატა ის რაც სურდა, თუმცა უნდა  გაეთვალისწინებინა, რომ მისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება. მისივე თქმით, თავისუფლად შეიძლება პარალელების გავლება ფრანგულ სატირულ ჟურნალ  „შარლი ებდოს“ 2015 წლის იანვრის ნომერში დაბეჭდილ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურასთან, რომელმაც შეურაცხყო მუსლიმი მრევლის რელიგიური გრძნობები.

ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე ყველა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანის უფლებები თანასწორია და ყველამ პატივი უნდა სცეს სხვის რწმენასა და აღმსარებლობას. შესაბამისად,  ნებისმიერი სახის გამოხატვა, რომელიც შეიძლება კონფლიქტების წარმოშობის მიზეზი გახდეს ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული ინდივიდის უფლებებს, მოვალეობებსა და თავისუფლებებზე, არ უნდა იქნას გაგებული ყველაზე უარყოფითი და აგრესიული ფორმით. უპირველესი ღირებულება არის ადამიანი და მისი უფლებები. შესაბამისად, ნახატი, რონელიც გახდა აგრესიის გამომწვევი მიზეზი ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობათა სისტემას. ასევე, ორგანიზაცია აღნიშნავს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ ევროპული ღირებულებები და პრინციპები, რომელიც ჩვენი ურყევი არჩევანი და მიმართულებაა,  ემყარება, მათ შორის სხვისი რელიგიური გრძონების პატივისცემას და ტოლერანტული გარემოს პრინციპებს. 



კომენტარები