2015 წლის 5 ნოემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-12 გაფართოებულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის კოორდინირებით ჩატარდა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ღონისძიებების კოორდინაციის გაძლიერება. სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტმა წარმოადგინა ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამის“ საქმიანობის ანგარიში. რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით უწყებათა შორის კოორდინაციის მექანიზმების დახვეწაზე ისაუბრეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ ჩართულია დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებში. დისკუსია, ასევე შეეხო საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ღონისძიებების კოორდინაციის გაუმჯობესების გზებს, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეფერალური დახმარების კოორდინაციის გაზრდას.
ცნობისთვის: ,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში 2015 წლის 23 აპრილს გაიმარჯვა. პროექტის თანახმად, დაგეგმილია არანაკლებ 16 ბენეფიციარისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. პროექტის მენეჯმენტიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება ყველა მიგრანტის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა - კონსულტაციები, წარმომადგენლობა, დამისამართება და სხვა. სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, პროექტის დირექტორი ანა კიკნაძე დაესწრო.