2015 წლის 5 ნოემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და კოალიცია „ნდობის აღდგენისათვის“ ორგანიზებით, „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ სახელწოდებით გამოცემული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიგნის მიზანია, მოიძებნოს რესურსები დიალოგისთვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა სამხრეთ კავკასიის ხალხების ისტორიაში დაიწყოს ახალი ეტაპი - ნდობის აღდგენა. წიგნში თავმოყრილი სტატიების ავტორები ცდილობენ, ეძიონ მიზეზები, თუ რის გამო გაჩაღდა სისხლიანი ეთნოკონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში. ამავე დროს, მათ აქვთ განსაკუთრებული მიზანი - ხალხებს შორის ნდობის აღდგენა, შერიგება და მშვიდობის მშენებლობა. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა. დისკუსია შეეხო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებსა და კონფლიქტების მოგვარებაში, მსგავსი პროექტების არსებობის მნიშვნელობას.
წიგნი გამოიცა პროექტ „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, პრეზენტაციას ორგანიზაციის იურისტი, ნინო ვალიკოვი დაესწრო.