ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაცია მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის ხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.