არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ულოცავს პროფესიულ დღეს და იმ შრომატევად, უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც ადვოკატის პროფესია მოითხოვს, კეთილსინდისიერ, ღირსეულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ადვოკატის პროფესია და შრომა უფრო მეტად დაფასდება, ვინაიდან თითოეულ ადვოკატს დიდი წვლილი შეაქვს სამართლის, საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებაში. მნიშვნელოვანია, ადვოკატთა ინსტიტუტი საქართველოში მუდმივად არსებობდეს თანასწორუფლებიანი სტატუსით, რაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის, ერთ-ერთი ფაქტორია. ამასთან, პროფესიული დღე ადვოკატთა საზოგადოებას შეახსენებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი პირობა უნდა იყოს კლიენტის ინტერესებისა დაცვისა და ეთიკური სტანდარტების წარმოსაჩენად. საქართველოს სჭირდება პრინციპული, მიუკერძოებელი და განათლებული ადვოკატთა კორპუსი, რომელიც ერთსულოვნებით გაუძლებს ყველა გამოწვევას და პრობლემას.
გვახარებს, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. ასევე, სიმბოლურია გარემოებაც, რომ პროფესიული დღის დაწესება ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რაც ყველა ადვოკატისთვის პროფესიული პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების იდენტიფიცირებას ახდენს.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წელს დაფუძნდა და იგი დაარსების დღიდან აქტიურად საქმიანობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩვენი მთავარი ღირებულებებია: ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა. ეს არის ის ფუნდამეტური ქვაკუთხედი, რომელიც ყველა დროში, ყველა ადვოკატისთვის, დაცვის აუცილებელი და ობიექტურობის საზომი იქნება.
გილოცავთ პროფესიულ დღეს.