„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას მიმართავს, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დააჩქაროს

9 ნოემბერი, 2015

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაჩქარდეს ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები და დადგეს ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ხელი აღმართა თავისუფალი პროფესიის ადამიანზე, თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს - ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი 2015 წლის 9 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ორგანიზაცია დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას და აღნიშნავს, რომ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობით, ქვეყანაში შეიქმნა საშიში ტენდენცია, როდესაც ადვოკატს კლიენტის ინტერესების დაცვის გამო, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან. არჩილ კაიაკციშვილის განცხადებით, ფაქტი წინა ხელისუფლების მმართველობის სტილს გვაგონებს, როდესაც ქართულ ციხეებში, საადვოკატო საქმიანობის გამო, 100-ზე მეტი ადვოკატი იხდიდა სასჯელს. მისივე თქმით, ჩვენ ყველას ერთად გვაინტერესებს სინამდვილე, თუ რა მოხდა, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვები ქმედების მიზანიმართულობასა და განრახვის სისტემურობაზე.  არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოში სტუმრად იმყოფება ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნება, ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დადებითად ვერ აისახება ქვეყანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ადამიანის უფლებებისა დაცვის მიმართულებით. ორგანიზაცია ამიტომაც მიმართავს პროკურატურას და მოითხოვს, დროის მოკლე ვადაში, გამოძიებულ იქნეს მომხდარი საზარელი ფაქტი. 



კომენტარები