ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ იყოს პოლიტიკური მხარე, არ იღებდეს მიზანმიმართულად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს და არ გამოხატავდეს პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, რომელიც ქვეყანაშიარ ემსახურება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს - აღნიშნულთან დაკავშირებით 2015 წლის 10 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ,,ახალგაზრდა ადვოკატები“, ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, ,,ახალგაზრდული ცენტრი“ და ,,საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან რომლის ძალითაც, დროებითი აღსრულების კანონში არსებული ნორმის მოქმედება შეჩერდა.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იქნა 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ 3, ამათგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, ,,რუსთავი 2“-ის სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ორგანიზაციების შეფასებით, საერთოდ არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს შეიცავს სადავო ნორმის შეჩერება მესამე პირებისთვის, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმის შეცერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც. ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ გადაწყვეტილების ნეგატიურ გავლენაზე ეკონომიკასა და ბიზნეს-ურთიერთობებში. მათივე განცხადებით, ლოგიკურია საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა, რომლითაც ორი მოსამართლის კონსტანტინე ვერძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების საკითხი დაისვა. ორგანიზაციების განცხადებით, დასახელებული მოსამართლეები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის უფლებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნკა გვარამიასთან, წარსულში სამსახურეობრივად დაკავშირებული პირებია. კერძოდ, არსებული ინფორმაციით მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო, ხოლო მაია კოპალეიშვილი მუშაობდა ნიკა გვარამიას მოადგილედ, მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. ორგანიზაციების შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მისაღებ გადაწყვეტილებებს ვერ ექნება დასაბუთებისა და ობიექტურობის პრეტენზია თუკი აღნიშნული მოსამართლეების მონაწილეობით იქნა განხილული, ამასთან, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი, ხოლო სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა - მოსამართლეთა აბსოლიტური უმრავლესობა ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდანაა დანიშნული, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ლოიალობის ხარისხს.