„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე გარემოს დაცვის სამინისტროში იმსჯელეს

11 ნოემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თეიმურაზ მურღულიას შეხვდნენ. შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტროს ღონისძიებებსა და სტრატეგიულ გეგმებს. როგორც შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს სამინისტროების მუშაობას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ნაწილში, ხოლო შემდგომში, მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ საზოგადოებასთან დიალოგში და არგუმენტების დროს. ალიანსის წევრები დაინტერესდნენ სამინისტროში არსებული საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობით, რომელსაც უშუალოდ აკისრია ვალდებულება შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას კონტროლი გაუწიოს. ამასთან, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მუშაობას და ხარვეზულ მხარეებს. ორგანიზაციები დაინტერესდნენ, თუ რა ეტაპზეა ახალი „ტყის კოდექსის“ შემუშავების პროცესი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. ამასთან, საუბარი შეეხო მომზადებულ კანონპროექტს: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც ეფუძნება წყლის რესურსების სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებს. ალიანსის წევრები, აგრეთვე დაინტერესდნენ 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკით, არსებული პრობლემური მხარეებისა და გამოწვევების შესახებ. სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების თაობაზეც.

როგორც შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცახდა, ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია სიკეთის მიღებასთან ერთად, მაღალი პასუხისმგებლობაა, რომელიც საერთო ჯამში, მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს იძლევა, ხოლო ამ მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. შეხვედრაზე ცნობილი გახდა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც გარემოსცადვითი სფეროს მოწესრიგების მეტ სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის. მიღებული ინფორმაციით, ეროვნული სატყეო კონცეფციის მიღების შემდგომ, დღის წესრიგში დადგა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოტანა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ტყის კოდექსის“ შექმნაზე, რომელიც წარმოდგენილი რედაქციაც, სრულიად ახლებურად დაარეგულირებს მიწის/ტყის სარგებლობის საერთო წესებს, შექმნის ტყის რესურსების გამოყენების საკანონმდებლო უზრუნველყოფის მექანიზმებს, განსაზღვრავს მიწისა და კერძო საკუთრების ცნებებს. ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, დაგეგმილია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედება („დამბინძურებელი იხდის“), მომზადდება გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი, ცალკე მოხდება გარემოს დაცვითი ინფორმაციის შინაარსობრივი განმარტების მიღება, სამინისტრო მოამზადებს კანონს ბიომრავალფეროვნების შესახებ. ახალი რეგულაციები შემოვა ჰაერის დაბინძურების პრევენციებთან დაკავშირებით. შეხვდრაზე საუბარი შეეხო ტყის აღრიცხვის საკითხებსა და ლიცენზიების გაცემის მიმართ წარსულ და ამჟამინდელ მდგომარეობას. ამასთან, მიღებული ინფორმაციით, სამინისტრო გარემოსდაცვით სფეროში, აქტიურად მუშაობს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების კომპონენტზე. ამ მიმართულებით, სამოქალაქო განათლების მიღება, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, შესაძლებელია საქართველოშიც საბავშბო ბაღის ასაკიდან დაიწყოს.

ალიანსის წვერი ორგანიზაციების კითხვებს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც უპასუხეს. შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს სამინისტროსთან შემდგომი მჭიდრო ურთიერთობებისა და საერთო მნიშვნელობის ღონისძიებებში ჩართულობის შესახებ. ამასთან, აღინიშნა, რომ ალიანსი 2016 წლის დასწყისში გამოაქვეყნებს 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტრონგის შედეგებს, სადაც ცალკე ყურადღება დაეთმობა სამინისტროს შესრულებულ საქმიანობას.

შეხვედრა სამინისტროში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციტივის: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს. ორგანიზაციამ 2015 წლის აპრილში დააფუძნა არასამთავრობოთა ალიანსიც: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, რომელიც აქტიურად ლობირებს საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესს. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში, მიიღონ პირდაპირი მონაწილეობა. ალიანსი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ქვეყნის ევროკავშირის წევრობამდე პერიოდში, მხარს დაუჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.



კომენტარები