არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ადვოკატები“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „პოზიცია“, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, „ახალგაზრდული ცენტრისა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ წარმომადგენლებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გამართეს და პარიზში, 2015 წლის 13 ნოემბერს, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია და მომხდარი ძალადობა საერთო ლოზუნგით: „ჩვენ ვდგავართ საფრანგეთის გვერდით“ გააპროტესტეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ქართული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი გმობს საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ. „ტერორიზმი წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოწვევას. დემოკრატიული ძალები და დემოკრატიული ქვეყნები წინ უნდა აღუდგეს იმ ბოროტებას, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს. საფრანგეთი საქართველოს პარტნიორია. როდესაც ჩვენს ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომში უჭირდა, საფრანგეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. დღეს, ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ თანადგომა და სოლიდარობა გამოხატოს ფრანგი ხალხის მიმართ და პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას“ - განაცხადეს საელჩოსთან შეკრებილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.