უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბიზნეს-გარემოს საქართველოში

25 ნოემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საბანკო გარანტიის გამოყენების მიზანი და დანიშნულება, ქვეყანაში სამართლებრივ სტატუსს კარგავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, სასამართლოს ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, ქვეყანაში არამართლზომიერ პრაქტიკას ამკვიდრებს, რაც ზიანს აყენებს ჩამოყალიბებულ სამეწარემო ურთიერთობებსა და ბიზნეს-საქმიანობას. დაშვებული პრეცედენტი საშუალებას აძლევს კომპანიებს, მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად, მიიღონ შესრულებაც და ამავე დროს მიიღონ საბანკო გარანტიაც, რის შედეგადაც, შემსრულებელი კომპანიები იღებენ დიდ ზიანს, ხოლო დამკვეთი კომპანიები, უსაფუძვლოდ მდიდრდებიან. ორგანიზაციამ შეისწავლა საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის დაინტერესებული მხარე ს.ს „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი კომპანია „დაირექტ დებიტ ჯორჯია“. ბანკის შვილობილ კომპანიასა და შემსრულებელ სუბიექტს შორის არსებობდა 2012 წლის მარტში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შემსრულებელი კომპანია ვალდებული იყო 170 ცალი ფეიბოქსი საკუთრებაში გადაეცა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“-სთვის. ამავე დროს, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიასა“ და ს.ს „პრივატბანკს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 ლარის ფარგლებში.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულ დავაზე, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, შემსრულებელმა კომპანიამ სრულად შეასრულა ნასკირი ვალდებულება ბანკის შვილობილი კომპანიის მიმართ, ამავე დროს, საბანკო გარანტიის მიღებაც წარმოადგენდა კანონიერს. ორგანიზაციის შეფასებით, საკასაციო სასამართლო მსჯელობა არამართლზომიერია, ვინაიდან საბანკო გარანტია არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ ბენეფიციარს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს, როგორც შესრულება, ასევე საბანკო გარანტიით განსაზღვრული ზიანის საკომპენსაციო თანხა. საბანკო გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად, მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, მისაღებ კომპენსაციად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას,  საბანკო გარანტია თავისი არსებით წარმოადგენს მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას ანუ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი კომპანია ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ჰქონდა უფლება მოეთხოვა საბანკო გარანტიის მიღება.  მოცემული შემთხვევის მიხედვით, კომპანიამ შეასრულა სრულად ნაკისრი ვალდებულება, მიაწოდა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ფეიბოქსები, თუმცა ნაწილი მიაწოდა ვადაგადაცილებით, ამავე დროს, ვადის გადაცილების გამო, პრეტენზია არ გამოუთქვამს შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“. ბანკის შვილობილმა კომპანიამ მას შემდეგ, რაც სრულად მიიღო ნასყიდობის საგანი, ჩაიბარა ფეიბოქსები, მიმართა ს.ს „პრივატბანკს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა. შედეგად მიიღო 200 000 ლარი, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. საბანკო გარანტიის უკანონოდ მიღების საფუძველზე, მხარეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა.

ანა კიკნაძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო ამკვიდრებს პარაქტიკას, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამეწარმეო საქმიანობას, არამართლზომიერ და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს. დამკვიდრებული პრაქტიკა ალოგიკურია და ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს, რადგანაც გარანტიით გათვალისწინებული თანხის მიღება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ხელშეკრულების მხარის მიერ დარღვეულია ძირითადი ვალდებულება. მთავარი - სასამართლოს არ გამოურკვევია და არც მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ შემსრულებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევით მას მიადგა რაიმე სახის ზიანი, რას შეადგენდა მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ არ იმსჯელა რამდენად მართებულად მიიღო ბანკის შვილობილმა კომპანიამ საბანკო გარანტია მაქსიმალური ოდენობა იმ ფონზე, როდესაც შესრულებელი კომპანიის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებაც.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გადაიხედოს 28 სექტემბერის გადაწყვეტილებით დამკვიდრებული პრაქტიკა და ამასთან, მიმათავს უზენასი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს დამკიდრებული პრაქტიკის კანონიერებისა და მართლზომიერების შესწავლის მიზნით.



კომენტარები