„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტაჟირების შრომის სტაჟში ჩათვლის საკანონდებლო წინადადება სტუდენტებს გააცნეს

26 ნოემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საქართველოს შრომის კოდექსში სტაჟირების სამართლებრივი რეგულირების შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონდებლო წინადადების გაცნობას იწყებს. პირველი შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სტუდენტებთან შედგა, სადაც დეტალურად იქნა განხილული ინიციატივა და მისი მიღების მიზეზები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების მიზანია, სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. მოქმედი კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პროცესში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. დამსაქმებელი, ხშირ შემთხვევაში, სტაჟირებას განასხვავებს ჩვეულებრივი სამუშაოსგან და არსებობს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც სტაჟიორი დგება ექსპლუატაციის წინაშე. ასეთ ვითარებაში, რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაწესდეს კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟირების ხელშეკრულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსში 9/1 ახალი მუხლის გაჩენას, რომელიც სტაჟირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს. საკანონმდებლო წინადადება მოიცავს შემდეგი რეგულაციის ფორმას:

  1. სტაჟირება არის განსაკუთრებული შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის ხდება სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე.
  2. სტაჟიორთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, წერილობითი ფორმით, დაიდოს სტაჟირების ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება.
  3. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დადგინდეს სტაჟირების ანაზღაურება, რომლის ოდენობა და გადახდის
  4. წესი, განისაზღვრება ასევე მხარეთა შეთანხმებით.
  5. დამსაქმებელს უფლება აქვს, სტაჟირების განმავლობაში, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება.
  6. სტაჟირების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  7. სტაჟირების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  8. სტაჟირება ითვლება შრომით შტაჟში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სტაჟირების სამართლებრივი რეგულაცია ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების დასაქმების მიმართულებით, შრომითი უფლებების დაცვის წინგადადგმულ საფუძვლებს ქმნის. საკანონმდებლო წინადადება პასუხობს ქვეყნის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების საკითხსაც. წინადადების მომზადების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც, მათ შორის აშშ-ის, გერმანიის, ალბანეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციის ფორმებიც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა განიხილეს, პრობლემის არსებობას დაეთანხმნენ, თუმცა აღინიშნა, რომ კანონში ცვლილებების ასახვა უმჯობესია სოციალური პარტნიორებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით, სისტემური მიდგომით იქნეს განხილული. მისივე თქმით, მოცემულ ეტაპზე, ინიციატივის მიმართ, სტუდენტური საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგანაც პარლამენტში საკითხზე მსჯელობა განახლდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მუშაობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2013-2014 წლებში, ორგანიზაციამ სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა შრომის კოდექსში, მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ ყოფილიყო სტუდენტების შრომითი უფლებები. ამასთან, ქვეყანაში თვითმმართველი ერთეულების გაზრდილი უფლებამოსილებების პარალელურად, დაწყებულიყო მუშაობა რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების ახლებური რეგულაციების დანერგვისათვის. ორგანიზაციამ 2014 წლის ივლისში შექმნა საკანონმდებლო წინადადებაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სპეცილისტებით კერძო თუ საჯარო სექტორიდან. კონსულტაციების შედეგად, ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებისთვის არჩევანი სწორედ სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შექმნაზე შეაჩერა.

,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტებს საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად, ორგანიზაციის მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებული ანალიტიკური თემების კონკურსი ,,სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“ გააცნეს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ ნაშრომები შემდეგი თემებიდან ერთ-ერთ საკითხზე: ,,არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“, ,,რატომ ვირჩევთ ევროპას?“ და ,,ხალხი და დემოკრატია“. კონკურსის მიზანია გამოავლინოს აქტუალურ საკითხებზე ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს მათი მოტივაციის გაზრდას, საზოგადოების წინაშე წარდგენას და სამოქალაქო სექტორში შემდგომ აქტიურ ჩართულობას. ორგანიზაციამ ანალიტიკურ თემების კონკურსი 2015 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა და კონკურსში რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2015 წლის 08 დეკემბერის, 18:00 საათია. საკონკურსო კომისია განიხილავს მიღებულ თემებს და არაუგვიანეს 2015 წლის 11 დეკემბრისა,  გამოავლენს კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ ავტორებს.



კომენტარები