საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის ინსტიტუტის ნორმების შეჩერება დისკრიმინაციულია

3 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს მიიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების (198-ე, 271-ე) მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედებას, ქონების იძულებითი მართვის სახით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ სადაოდ გამხდარი ნორმების შეჩერება მოახდინა მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახეობის სუბიექტის მიმართ, კერძოდ, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებასთან მიმართებით. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საოქმო ჩანაწერით ჩანს, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  სხვა სახის იურიდიულ პირებთან მიმართებით, დროებითი მმართველის ინსტიტუტის მოქმედება, არ შეჩერებულა. არსებული პრაქტიკით, არ გვხდება შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის მოქმედება შეეჩერებინოს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის სუბიექტთან მიმართებაში და არა ზოგადად ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელსაც ეს ნორმა შეიძლებოდა შეხებოდა. მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე „შ.პ.ს. ტელეკომპანია საქართველო“, ზოგადად მოითხოვდა სადავო ნორმების შეჩერებას და არა მხოლოდ კონკრეტულად მასობრივი კომუნიკაციის ბეჭვდითი ან ელექტრონული საშუალებებთან მიმართებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლოს სადავო ნორმების შეჩერებით, გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება არ მოუხდენია, წარმოდგენილი მსჯელობა კი მნიშვნელოვან კითხვებს ტოვებს. მსჯელობას იწვევს სასამართლოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც, „სამაუწყებლო კომპანიის ეფექტური მართვა, მისი რეიტინგის ზრდაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებას მოითხოვს. ამ პირობებში საწარმოს მართვის დროებითი მმარველისათვის გადანდობა, რომლის უპირველეს და უმთავრეს დანიშნულებას დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა, მისი შენახვა წარმოადგენს, აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით“. გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ამ მორგებულობის ხარისხის განსასაზღვრად სასამართლომ, როგორ ადგენს იგი, თუ რა არის მისთვის დღევანდელ საზოგადოებრივი მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტი, რაც ბუნდოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების დასაბუთებაში ინფორმაციის ობიექტურ და სამართლიან გაშუქებაზე ყურადღების გამახვილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილზეც, თუ რატომ არ მოახდინა სადავო ნორმების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლომ იმ სუბიექტთა ზოგად წრეზეც, ვისაც იგი შეიძლება შეხებოდა მომავალში. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად, დროებითი მმართველის ინსტიტუტში დაინახა საფრთხე, მაშინ რა დააშავეს სხვა, ვიწრო სპეციალიზაციის პროფილის კომპანიებმა, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ იქნა მათი დაცულობა გარანტირებული. თუ სასამართლო, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ნორმების მოქმედების შესაძლო საფრთხეებს დაინახავდა, ლოგიკურია, შეზღუდვა უნდა გავრცელებულიყო ფართო წრის მიმართაც. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ დისკრიმინაციული მიდგომა - შეჩერება გამოყენებულია მხოლოდ ერთი სახეობის სუბიექტის, კერძოდ იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებასთან მიმართებაში, ხოლო თუ ასეთ საფრთხეებს სასამართლო ვერ დაინახავდა, შესაბამისად, ნორმის მოქმედებაც არ შეჩერდებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტებისთვის მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს მკაფიო გახდეს შემდეგი გარემოებებიც - გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებს სასამართლო, რომ დადგენილია, საერთო სასამართლოებში, სხვა სამოქალაქო საქმეებზე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებითი მმართველი  დანიშნული არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია განმარტებები იმ მსჯელობაზეც, თუ რატომ არ უშვებს სასამართლო იმის შესაძლებლობას, როდესაც საოქმო ჩანაწერში არ მჯელობს, რომ დღევანდელი მმართველის პირობებშიც, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, კომპანიის მართვა  განხორციელდეს არასწორი მიმართულებით, გახდეს მეტად წამგებიანი, ზიანის მომტანი დაინტერესებული მხარისთვის. რამდენად საფუძვლიანად არის შეფასებული სამართლიანი სასამართლოსა და მართლზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებები.

ცნობისთვის: შესწავლილმა ტენდენციამ ცხადყო, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, გასული ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განმხილველი მხოლოდ 1-ელი სასამართლო კოლეგიაა, როდესაც სასამართლოში ფუნქციონირებს მე-2 განმხილველი კოლეგიაც. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, სასამართლო სპეციალურად ამისამართებს სარჩელებს იმ მოსამართლეებთან, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტული დავალებები გააჩნიათ.



კომენტარები